ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დიეგო

დიეგო

დარბაზში ბუნტი იყო. დაუმორჩილებლობა. სცენაზე მაღალ სკამზე უჩვეულოდ მშვიდი ჯადოქარი კაცი იჯდა, გამხდარ სახეზე ბლანჟეთი, ოდნავ მინისლული მზერით, კუპრივით შავი, ტალღოვანი, უკან გადაწეული გრძელი თმებით, შავ  “კოსტუმში გამოწკეპილი”, თეთრ ქათქათა პერანგში, გაპრიალებული შავი ფეხსაცმელებით, თითებზე ბეჭდებითა და რომელიღაც ტომის ანდა მის მიერვე გამოგონილ რიტუალს თითქმის ყოველი სიმღერის წინ ატარებდა… მერე მითხრეს (როცა გარეთ ავტოგრაფისთვის ველოდებოდით), რომ ჭიქაში ვისკი ესხაო… ნამეტნავად უყვარსო. მოკლედ, ჭიქაში ორი თითს ელეგანტურად აწობდა, მერე შუბლზე იცხებდა, ხელით ჰაერში ხაზს ხატავდა, მერე ხელს იფერთხავდა, ცვირსახოცის მსგავს თეთრ ნაჭერზე იწმენდდა და იწყებოდა… ჰო,  კიდევ ჭიქაში მუქი ფერის სითხის მოცულობის ორი თითის დადებით შემცირებისას, ვიღაც კაცი ახალ პორციას მოარბენინებდა და ძველი გაჰქონდა.

ჰოდა, იწყებოდა  Soledad, Vite De Mi, Vida Loca, Cantar… მარტოობაო, უვარსკვლავო ცაო, სიყვარულიო, მწველი ტკივილიო, მაგის გამო ვსვამ–ვტირი-ვმღერიო, ვკვდები ეჭვიანობითო და კიდევ – რაღაც განსაკუთრებული აქცენტით ამბობდა “ლიბერტას”. მეგონა, რომ მხოლოდ ერთ გრძელ, სევდიან, დაფლეთილი სულის, გასაწყდომად გაჭიმული სიმივით დაძაბულ მელოდიას გვისრულებდა და შიგა და შიგ გვაფხიზლებდა… ფლამენკოს “ვოკალურ ნაწარმოებსაც” ვერ დაარქმევ, იგი რაღაც სხვაა. ჰოდა, ამ “სხვასაც”, ალბათ, თავისი  შესრულების წესი აქვს. და ამ  “კოდექსის” დამრღვევი “ხულიგანის” ლამის ყოველი ახალი კომპოზიციის შესრულების დასაწყისისას დარბაზს უცებ წამოახურებდა, იხუვლებდა და იმწამს ჩუმდებოდა, როგორც დაგეგმილ გიპნოზსა და მუსიკალური ქვეცნობიერის ნაკადს დამორჩილებული ნებადაკარგული არსება.

მსმენელს, როგორც ახლა იტყვიან, “მულტიმედიური” ტრანსი ყოველ ჯერზე ემართებოდა…  თუმცა მას მერე, რაც აკორდეონმა ნაცნობი მელოდიური ხაზი “აიღო” და დიეგო ელ სიგალამ ფილმიდან “ნათლიმამა” (El Pardino) სასიყვარულო მოტივის შესრულება დაიწყო, მგონი,  კედლებიც გაქრა, “კარნეგი ჰოლის” ჭაღებიც  და თავად დიეგოც თავისი ბენდით… ანუ ის იქ კი იყო, მაგრამ არც იყო… ადამიანები იონებად დაიშალნენ.

მერე ჩუმად, შეპარვით, თავისი ემოციური ტემბრითა და პულისრებადი ეროტიულობით, ისე, სხვათა შორის,  წაიმღერა “ვსვამო და შენც ერთი ყლუპით შემომიერთდიო”… ჩუმად რიტმულ ტაშს უკრავდა თავისი გრძელთითება მტევნებით. ვოკალური ინტენსივობის მაღალ ნოტზე “არადისტილირებული”, ინტუიტური ხმა ოდნავ ეხრინწებოდა, თოთქოს რიტმსაც სცდებოდა, დახუჭული თვალებით იმეორებდა “როგორ სიგიჟემდე მიყვარდიო, ციებ–ცხელებამდეო”…

ოთხი “ლათინური გრემის” მფლობელი, ესპანელი დიეგო ელ სიგალა უნიკალური მომღერალია და  მსოფლიოში ე.წ. ეთნიკური მუსიკის, ალბათ, ყველაზე ცნობილი შემსრულებელიც. ტრაფარეტული ფრაზის დამატებაც შეიძლება – “ფლამენკოს ჟანრში”, თუმცა მხოლოდ ამის თქმა არაფრის თქმას ნიშნავს. ის ფლამენკოს იშვიათი ოსტატი, ინტერპრეტატორი და “ტკივილის ლირიკით” მოთამაშეა; ადამიანი, რომელმაც შეცვალა ანდალუზიური ფლამენკოს შესრულების საუკუნოვანი ტრადიცია და მასში საცხოვრებლად ლათინოამერიკული ხალხური მოტივები, ტანგო, ჯაზი, ბოლერო, კუბური, აფრიკული, ბოშური, არგენტინული, ბრაზილიური ძველი, არც ისე ხანშიშესული და ახალი რიტმები  ჩაასახლა.

დიეგო ელ სიგალი
დიეგო ელ სიგალა

46 წლის დიეგო ელ სიგალის (“ელ სიგალა” ესპანურად “ნორვეგიულ ასთაკვს” ნიშნავს) ნამდვილი სახელია დიეგო რამონ ჰიემენეზ სალაზარი და როგორც იტყვიან, მისი მომავალი პროფესია უკვე დაბადებით იყო განსაზღვრული. იგი მადრიდში ბოშა არტისტების, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. თინეიჯერის ასაკში დიეგომ ფლამენკოს მომღერალთა კონკურსი მოიგო, სადაც მისი ნიჭი ცნობილმა მუსიკოსებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. ელ სიგალა მისი ვოკალით ფლამენკოს ისეთ ცნობილ მოცეკვავეებს უწევდა აკომპონირებას, როგორებიც არიან მარიო მაია, ელ გუიტო და გამოდიოდა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ვისენტე ამიგო, პაკო დე ლუსია. 1997 წელს დიეგო სოლო კარიერას იწყებს. მისი ყველაზე წარმატებული ალბომი იმ ცხრა ნაკრებთა შორის, რომელიც ელ სიგალამ 1998 წლიდან ვიდრე დღემდე ჩაწერა და რომლის საფუძველზე ფილმიც გადაიღეს, “შავი ცრემლებია” (Lágrimas Negras.2003). ამ ჩანაწერმა ავტორებს პირველი Grammy Latin მოუტანა. “შავი ცრემლები”, რომელიც დიეგომ ლეგენდარულ კუბელ ჯაზპიანისტთან, შვიდი გრემის მფლობელ, 85 წლის  ბებო ვალდესთან ერთად ჩაწერა, ცხრა ლათინოამერიკული ბალადის რეინტრეპრეტაციისგან შედგება და ნამდვილი მუსიკალური სენსაცია გახდა. იგი არტკრიტიკოსებმა წლის ალბომად აღიარეს. ბებო ვალდესმა განაცხადა, რომ ყველაფერში დამნაშავე დიეგოს ხმაა, ელ სიგალამ კი მიუგო: “შავი ცრემლები” მუსიკისადმი სიყვარულითაა შექმნილიო”…  ჰო,  ცხადია, აბა, სხვაგვარად, კიდევ რას უნდა შეექმნა?

2006 წელს დიეგო ელ სიგალის ალბომს “პიკასო ჩემს თვალებში” (Picasso En Mis Ojos) ასევე დიდი აღიარება ეწვია და მას  მეორე “გრემიც” გადასცეს. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსი ტანგოს სამშობლოში – არგენტინაში მიემგზავრება, რათა მხოლოდ იქაური მუსიკით ისუნთქოს  და ამ “ემიგრაციის” შედეგად 2010 წელს ჩაწერილი Cigala&Tango კვლავ ხდება საერთაშორისო მუსიკალური ბესტსელერი და მესამე “ლათინური გრემის” მფლობელიც.  ამავე დროს დიეგო აღნიშნავს, რომ მას არასოდეს ჰქონია სურვილი, რომ ტანგო ტანგოს ლეგენდარული შემსრულებელი არგენტინელებივით – კარლოს გარდელივით ანდა რობერტო გოიენეჩესავით შეესრულებინა. 2013 წელს დიეგო ელ სიგალის მიერ ჩაწერილი ალბომი არგენტინის ერთ–ერთი პროვინციის ტუკუმანის მნათობზე “ტუკუმანის მთვარის რომანსი” (Romance de La Luna Tucumana) ისევ  Grammy Latin-ს იმსახურებს.

“ფლამენკო ტირილია. თუ თქევნ არ იცით რაა ტანჯვა, თქვენ გულის ემოციას ვერასოდეს გადმოსცემთ. თუ თქვენს გულში ტკივილი არაა, მაშინ სიმღერაც არაა” – ამბობს ფლამენკო და დიეგოც. და აგრძელებს – “მე ვირჩევ იმ სიმღერებს, რომელიც ტკივილს მაყენებს. მე თუ ამას ვგრძნობ, ე.ი. მსმენელიც გრძნობს”.

***

“კარნეგი ჰოლის” გარეთ, ქუჩაში  ავტოგრაფისთვის მომლოდინე რამდენიმე ადამიანიღა შევრჩით. ძალიან გვიანი იყო, მანჰეტენის ქუჩები დაცარიელდა, დიეგო კი მაინც არ ჩანდა. “ეგ კაი დიდხანს არ გამოვა – მითხრა ქალმა – ალბათ, მეგობრებთან ერთად სვამს იმას, რისი დალევაც სცენაზე ვერ შეძლო”. ბოლოს სულ ორნიღა დავრჩით. და დიეგოც გამოჩნდა – “ადიდასის”  ცისფერ სპორტულებში,  ჭრელი ყელსახვევით კისერზე, წითელ–თეთრ ბოტასებში, თავისი ოქროსფერი საათ–სამკაულებით, მხრებზე ინსტრუმენტგადაკიდებულ ბენდთან, ხმაურიან მეგობარ–ფანებთან და ჩემს საყვარელ გიტარისტ დან ბენ ლიორთან ერთად.  დიეგომ ავტოგრაფი მომცა, ფოტო გადავიღეთ და ღიმილით რაღაც მითხრა ესპანურად, მაგრამ  ვერაფერი გავიგე. ფრაზაში ვერც “ლიბერტა”, ვერც “კანტარ” და ვერც “სოლედად” დავიჭირე… ალბათ, ლათინოსი ვეგონე. მომერიდა მეთხოვა გადამითარგმნეთ–მეთქი…