ოკუპაციის ზონა სახელმწიფოს მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალს მხოლოდ 450 მეტრით აშორებს. ნებისმიერ გალეშილ რუს სალდათს ერთი ტყვიის გასროლით თბილისი- გორის მაგისტრალის გადაკეტვა და ქვეყანაში სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხება შეუძლია. ფაქტობრივად, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე მოქალაქეების ტვირთების თუ ტურისტების უსაფრთხოდ გადაადგილება რუსეთის “კეთილ” ნებაზე იქნება დამოკიდებული.
შეუძლებელია ამ მოვლენების შემყურეს მოჭიდავე-დეპუტატ კურტანიძის მიერ საპარლამენტო მიკროფონით გაჟღერებული სიტყვები არ გაგახსენდეს. პარლამენტარი ამ მაღალი ტრიბუნიდან კაცების უფლებების დაცვას ითხოვს.
სამწუხაროდ დეპუტატის ეს კურიოზული გამოსვლა ერთჯერადი გაუგებრობა არ არის. კურტანიძის ეს სიტყვები კოლექტიური იდენტობის კრიზისის გამოძახილია. სათბურის მეტაფორა ქართველი ერის საბჭოთა-რუსულ იმპერიაში ცხოვრების 70 წლოვან ეპოქას კარგად აღწერს. ეს მეტაფორა დიდი ხანია გაჩნდა და დამკვიდრდა. იმპერია საქართველოსთვის მართლაც სასათბურე პირობებს ქმნიდა ეკონომიკურ სამეურნეო. კულტურულ და სხვა სფეროებში. ქართველი კაცის Y ქრომოსომის განსაკუთრებული მასკულინურობის მითიც ამ ეპოქაში შეიქმნა. საბჭოთა კინოპროპაგანდა ქართველ მამრს კარგ რეკლამას უწევდა. ომის თემაზე გადაღებულ ფილმებში მიამიტ და გულუბრყვილო რაინდად წარმოაჩენდა ხოლმე. 37 მანეთის ხალხური მითიც ამ იმპერიული ნარატივის ნაწილია. ამგვარი მითების შექმნით რუსეთი კოლონიზირებულ ხალხებს (არა მარტო ქართველებს) უპირატესობის განცდის ილუზიას უქმნიდა. სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში ხალხთა მეგობრობის ილუზორული სამყარო დაინგრა და რუსულ მასმედიასა თუ კინოში კრიმინალი, კანონიერი ქურდი, სპეკულიანტი, ლტოლვილი და არალეგალი ემიგრანტი ქართველის პერსონაჟები მომრავლდნენ.
საბჭოთა სათბურის დანგრევისთანავე თავისუფლების სუსხმა ხელოვნურად შექმნილ მითებს ყლორტები მოაყინა. ქართველი კაცის განსაკუთრებული მასკულინურობის მითი “მეოცე საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფას” ერთ-ერთი პირველი შეეწირა. ის რომ კაცები სახლში დასხდნენ და ქვეყანა ქალების მიერ შინ თუ უცხოეთში გამომუშავებული ფულით გადარჩა, მრავალჯერ თქმულა. ისიც არ არის ახალი ამბავი, რომ კაცები ქვეყანაში დაწყებულ ყველა ომში დამარცხდნენ და მებრძოლი დევგმირის იმიჯი ვერ შეინარჩუნეს. ლეგენდები და მითები ბუშტივით გასკდა და მისი ადგილი ფრუსტრირებული ადამიანების კომპლექსებმა და ბოღმამ დაიკავა. კაცების უფლებების დაცვის მოთხოვნა, კაცების პარტიის შექმნის ინიციატივები და მუდმივად საკუთარი კაცურ კაცობის მტკიცება სწორედ ამ ბოღმისა და საკუთარ ძალებში დაეჭვების შედეგია. 17 მაისს ტაბურეტებით კაცობის დაცვაც მკვდარი მითის გაცოცხლების მცდელობა იყო.
ოკუპანტთან ჩვენი ორჭოფული დამოკიდებულებაც დიდწილად ერის მასკულინური როლური მოდელის დაკარგვის შედეგია. ძველი თაობის ქართველები წარსულზე ნოსტალგირებენ. მითზე, რომლის თანახმადაც რუსეთი ერთი დიდი ქალი იყო და ქართველი ტემპერამენტული კაცი კრებსით ნატაშას სექსუალურად აკმაყოფილებდა. როგორც იტყვიან ხოლმე – იყო დრო და მომენტი… დღეს როლური მოდელები შეიცვალა და ბრუტალური მამრის როლში რუსეთი გვევლინება. ტერიტორიებს გვართმევს, ბომბებს თავზე გვაყრის, გვამცირებს და კარასინ-აბაშიძის ფორმატში ცინიკურად გვებაასება. მოკლედ როცა მოეპრიანება და როგორც გაუსწორდება ისე გვჟიმავს.
მაგრამ ქართველ კაცში დიადი წარსულიდან შემორჩენილი სენტიმენტები ისევ ცოცხალია. ქართველ კაცს “37 მანეთიანი” დრო ახსოვს და ცხელსისხლიანი მამრის როლს ვერ თმობს. საკუთარ თავთან სიმართლეს ვერ აღიარებს და დრომოჭმული ქცევის წესების იმიტირებას აგრძელებს. საზოგადოების ემანსიპირება და ჰუმანიზება ვერ ხერხდება. ადამიანებს შორის ურთიერთობაში აგრესიის ხარისხი არ იკლებს. მაგრამ ეს აგრესია სასიცოცხლო ძალების სიჭარბით კი არა უძლურებით არის ნაკარნახევი. ჭარბი ტესტოსტერონის მარაგები სუსტის დაჩაგვრას და არამოტივირებული აგრსიის გამოვლენას თუ ჰყოფნის, რეალურ მტერთან დაპირისპირებისთვის და თავგანწირვისთვის ტაბურეტის ორდენის რაინდები მზად არ არიან. ინერციით დღემდე შემორჩენილი პატრიარქალურ-არქაული კულტურის გენერირებისთვის საკმარისი ენერგია აღარ გვაქვს. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის შნოც არ აღმოგვაჩნდა. რეალური მტრის იდენტიფიცირების და მასთან დაპირისპირების ნაცვლად წარმოსახვით ვირტუალურ მისტიკურ და მეტაფიზიკურ მტრებს ვიგონებთ და მთელი მონდომებით ვებრძვით. “ერთსქესიანებთან”, ჩიპში ჩანერგილ მხეცის ნიშანთან, მასონებთან, სექტანტებთან, ბურებთან, ზომბებთან და სხვა ზღაპრულ სუბსტანციებთან თავდადებული ბრძოლა სწორედ რეალური მტრისთვის თვალის არიდების მცდელობაა. ფსიქოლოგიური კომფორტის მოსაწყობად ნამდვილი მტრის გამოგონებულით ჩანაცვლება ხდება.
ასე და ამგვარად რუსეთსა და საქართველოს შორის ჰომოსექსუალური კავშირი მყარდება – რუსეთი აქტიური მამრი და ჩვენ პასიური კაცური კაცი. ქართველი კაცის კოლექტიური ქვეცნობიერის ბნელი ჯურღმულების კარგად დათვალიერებისას დავინახავთ, რომ ჰომოსექსუალობის თემით განსაკუთრებული დაინტერესების მიზეზი და წამდაუწუმ “გვაპიდარასტებენოს” ყვირილი სწორედ ამ დომინანტი მამრის მითის დაკარგვით არის განპირობებული. ქართული საზოგადოება აშშ-ში “ერთსქესიანთა” ქორწინების დაკანონებას უფრო მეტ ყურადღებას და დროს უთმობს, ვიდრე რეალურ პრობლემებს, რუსების მიერ საზღვრის გადმოწევას მაგალითად.
რუსეთის ძალადობას ჩვენი მხრიდან ოკუპანტთან უფრო მეტი მოლაპარაკებისკენ და ურთიერთობების დალაგებისკენ მოწოდებები ეგებება. ამ დღეებში ნინო ანზორის ასული ბურჯანაძე მოსკოვს ესტუმრა და მოლაპარაკებები გამართა. შინ მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ კი ქვეყნის ღალატისა და კოლაბორაციონიზმისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს.
რუსეთის აღვირახსნილ თავხედობაზე მასშტაბური რეაქცია არ ჩანს. სამაგიეროდ ხალხი შეშფოთებულ დასავლეთს უწყრება და 2008 წლის ომის დროს ამერიკული სამხედრო გემით ჩამოტანილ წყალზე და პამპერსებზე ბრაზობს. თითქოს ამ ქვეყნის დაცვა ევროპას და ამერიკას ევალებოდეს. ძლიერი აქტიური და ბრუტალური რუსეთის მიმართ სიმპათიები და დანებების სურვილი დღითიდღე მატულობს. “როცა გაუპატიურებენ და თავს ვერ შველი მოდუნდი და სიამოვნება მაინც მიიღე” . დასავლეთს ვსაყვედურობთ, რომ ის რუსეთივით ძლიერი ვერ არის. ქვეცნობიერად ჩვენი სიმპათიები ძლიერის და ბრუტალურის მიმართ იხრება. მოკლედ, რუსეთის მიერ წართმეული კაცობის გამო დასავლეთს ვუწყრებით.
რუსეთი “საზღვარს” იქამდე გადმოწევს რამდენის უფლებასაც მისცემ. ხელისუფლება პირობითი საზღვრის ამ სტრატეგიულ მონაკვეთს სამხედრო ძალით ვერ დაიცავს. დაუცველ “საზღვარს” კი ეშმაკები ეპატრონებიან. თუ ხელისუფლება არ ვარგა მიწის დაცვა ხალხმა მაინც უნდა სცადოს. მშვიდობიანი და მასობრივი პროტესტის ფორმით რა თქმა უნდა. რუსები ადრე თუ გვიან ამ ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ. მაგრამ ეს არ მოხდება თუ საზღვრის გავლების დროს ამ ადგილას ათასობით ადამიანი შეიკრიბება. არააგრესიული და მშვიდობიანი ფორმით მტერთან დაპირისპირება სამოქალაქო ნების და ეროვნული ძალის გამოვლენა იქნებოდა. სიტყვა “ეროვნულის” ნამდვილი გაგებით. ეს დამახინჯებული სიტყვა თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობას სწორედ ასეთი ბრძოლის შედეგად დაიბრუნებს.
დეპუტატ კურტანიძეს კი კარგი შანსი ეძლევა რუსების მიერ გავლებულ ხაზთან მივიდეს და კაცების უფლებები დაიცვას.