გია მარიამიძის ბლოგი

რა შუაშია შუა აზია

რა შუაშია შუა აზია

„ქართული ოცნების“ (ანუ ბიძინა ივანიშვილის) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის პრორუსულობაზე საუბარი არ წყდება. ივანიშვილის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული პოლიტიკური მიზანი სანაქებო “ევროპის გამაოცებელი” დემოკრატიის აშენებაა. თუმცა ივანიშვილს კონკურენტები რუსეთში ნაშოვნ ფულს, არჩევნების წინ  რუსეთიდან მილიარდობით დოლარის უპრობლემოდ გატანას, მის მიერ გაკეთებულ უცნაურ განცხადებებს და ა.შ. ახსენებენ. “ოცნების” სამწლიანმა მმართველობამ როგორც მინიუმ რუსეთის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულებისა და რუსული საფრთხეების ვერ თუ არ შეფასების არაერთი მაგალითი დაგვანახა – ქართული სოფლის მეურნეობის რუსულ ბაზართან  უპასუხისმგებლოდ მიბმა, აუარებელი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების აღმოცენება, შედეგად ევრაზიული კავშირის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების რიცხვის ზრდა და ბოლოს გაზპრომის ფეთქებად აირთან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ურთიერთობის მცდელობები. 

 

საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბების პროცესი ცენტრიდანული (მოსკოვიდან დაშორება) ინერციით ხასიათდებოდა. ამ ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის გამყარება მოსკოვის გავლენებისგან გათავისუფლების სინონიმი იყო – რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა, რუსული ენერგომატარებლებით მომარაგებისგან თავის დაღწევა, ახალი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაკვალვა, ალტერნატიული ბაზრების მოპოვება და ა.შ. 

 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ თითქმის საუკუნის მეოთხედი გავიდა და 1990-იანი წლების პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაჩენილი გათავისუფლების ცენტრიდანული ინერცია შენელდა. შენელების და ენერგიის დაკარგვის ეს პროცესი ყველა ლოკალურ ვიწრო პოლიტიკურ წვრილმანებზე რთული და ფუნდამენტური გეოპოლიტიკური მოვლენაა. ამ დაავადების სიმპტომებმა ყველაზე მკაფიოდ შუა აზიის რესპუბლიკებში იჩინა თავი. უზბეკეთის უცვლელმა პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა წლების წინ განაცხადა, რომ დემოკრატია უზბეკი ხალხისთვის უცხო და მიუღებელი ფენომენია და ამ სისტემის გაზიარება მისი ქვეყნისთვის საჭირო არ არის. კარიმოვის განცხადება ორიგინალურობით არ გამოირჩევა. პლანეტის არაერთ დიქტატორს მსგავსი რამ ადრეც უთქვამს. კარიმოვის შემთხვევა საინტერესო სწორედ ზემოთხსენებული ინერციის შეჩერების კონტექსტშია.  

 

ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების  ერთ ნაწილში ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების  ფორმირება მსგავსი სცენარით წარიმართა. ბელარუსში ხანმოკლე  დემოკრატიის შემდეგ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ლუკაშენკო მოვიდა. მალევე დიქტატორად იქცა და დღემდე სკამს ინარჩუნებს. ტაჯიკეთში ისლამისტების მოკლევადიანი მმართველობა რუსეთის მიერ მოწყობილი სამოქალაქო ომის შედეგად დაემხო. ხელისუფლებაში საბჭოური დროის მმართველი ემომალი რახმონი მოვიდა და დღემდე ადგილზეა. უზბეკეთში ყაზახეთსა და თურქმენეთში ისევ საბჭოეთის დროინდელი  მმართველები ან მათი მემკვიდრეები ბატონობენ. ერთი სიტყვით ამ ქვეყნებში ფაქტობრივად  მონარქიული მმართველობა გაფორმდა, სადაც ხელისუფლებაში არჩევნების გზით არ მოდიან. ხელისუფლება მემკვიდრეობით (შვილებზე ან კლანურ მემკვიდრეზე)  გადადის. იგივე სურათს აზერბაიჯანშიც ვხედავთ. 

 

მოსკოვთან დაშორების ინერციული ენერგიის კლების მიზეზიც სწორედ ესაა. ამ ქვეყნებში ჩამოყალიბებულ მმართველ კლანებს ძალაუფლების დათმობა არ მოუნდათ. თავისუფალ სამყაროსთან მათი ურთიერთობა პრობლემური გახდა – დასავლეთი ადგილობრივ ფაშებს და ხანებს ადამიანის უფლებების დაცვის, ხელისუფლების პერიოდულად ცვლის და დემოკრატიული პროცედურების დაცვის თემებით აწუხებს. გერონტოკრატიულ მმართველებს დასავლური მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკული შენიშვნებით ნერვებს უშლიან. რუსეთი კი ასეთი თემებით მათ არ აწუხებს.  ეს ქვეყნები თავისუფალი სამყაროსგან ნაბიჯ-ნაბიჯ თვითიზოლირებას ახდენენ და რუსეთს უახლოვდებიან. ამ სახელმწიფოების მმართველთა მთავარი მიზანი ძალაუფლების სამუდამოდ შენარჩუნება და სიკვდილის შემდეგ პრივილეგიების მემკვიდრეებზე გადაცემაა. ხელისუფლებაში უსასრულოდ ყოფნის საუკეთესო გარანტია კი პუტინთან დაახლოება აღმოჩნდა. ასეთი “სტაბილური” და მისდამი ლოიალური რეჟიმები  რუსეთს ხელს აძლევს. ამავე დროს პუტინი თავადაა მსგავსი ტიპის შეუცვლელი და სამარადჟამო მმართველი. 

 

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს ყველა პრეზიდენტს, სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ- მინისტრს თუ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ხელისუფლების “სამუდამოდ” შენარჩუნების ცდუნება უჩნდებოდა. საკუთარი ლიდერის 20 თუ 30 წლიან მმართველობაზე საუბრობდნენ გამსახურდიას და შევარდნაძის მომხრეები. სააკაშვილი წინამორბედებზე შორს წავიდა და ძალაუფლების უსასრულოდ შესანარჩუნებლად კონსტიტუციაც კი გადააკეთა. ხელისუფალთა ამ მანკიერ სურვილს მხოლოდ დემოკრატიის ფორმალური ნორმა და დასავლეთის მხრიდან კრიტიკის შიში ზღუდავდა.

 

საქართველოში ეროვნული მოძრაობა იმთავითვე ანტიიმპერიალისტური-ანტიმოსკოვური შინაარსით ხასიათდებოდა. ამ გამათავისუფლებელი თვისების გამო ეროვნული მოძრაობა და შემდგომ უკვე სახელმწიფოს მმართველები მკვეთრად პროდასავლურები იყვნენ. დღემდე არსებული ყველა ხელისუფალი დასავლეთს მოკავშირედ განიხილავდა. შესაბამისად თითოეული მათგანი დემოკრატიული თამაშის წესების დაცვას (მინიმუმ იმიტირებას მაინც) ცდილობდა. 

 

თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. თავს ნუ მოვირტუებთ და უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ენერგია ამ ქვეყანაშიც დაიკარგა. მოსახლეობაში პრორუსული განწყობები პათოლოგიურად გაიზარდა. ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დაიღალა, მონად ყოფნა ენატრება და უკან “ეგვიპტეში” დაბრუნებაზე ოცნებობს. რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით პოლიტიკურ (ანტი)ელიტებში ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნების  ინსტინქტი არ განელებულა. ამგვარი სურვილი დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ აქცევს. ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ დღემდე არსებული მითი თუ რეალობა ახლა უკვე ნაკლებად  საინტერესოა. ცხადზე ცხადია, რომ ეს ადამიანი არაკონსტიტუციური ხერხებით ამ ქვეყნის მართვას მინიმუმ 2030 წლამდე  აპირებს. რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხელისუფლების უხეშად ჩარევა, სხვადასხვა ტელეარხებზე პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა, კადრების კლანური პრინციპით შერჩევა  და სხვა ფაქტები ძალაუფლების ვერტიკალის ხელახალ რესტავრირებაზე მიგვანიშნებს. სამწლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლება, მთელი პოლიტიკური,  საზოგადო და მედია სივრცის კონტროლზე მონოპოლიის მოპოვებას და ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებას იწყებს. მსგავსი რამ წინა ხელისუფლებების დროსაც ხდებოდა, მაგრამ დღეს პრინციპული სიახლე ის არის, რომ ივანიშვილს სააკაშვილისგან განსხვავებით პუტინთან მიესვლება. თან დასავლეთისგან შესაძლო თვითიზოლირება და სახელმწიფო სუვერენიტეტის რუსეთისთვის ჩაბარება უწინდებურად მტკივნეულად აღარ აღიქმება მოსახლეობაში. საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების დათმობა პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის სიახლე არ არის. შესაძლებელია საქართველოს დღევანდელი რეალური მმართველიც ამ ცდუნებას აყვეს – პუტინისგან მიღებული, ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის გარანტია, დასავლეთისგან თვითიზოლირების და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის სანაცვლოდ. თუ ეს ასე მოხდა საქართველო ფაქტობრივად აღარ იარსებებს. 

 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ არხად შენარჩუნება მმართველი ვერტიკალის შექმნის და ძალაუფლების ერთ ხელში მონოპოლიზების პროცესს შეაფერხებს. ამ არხის გადარჩენა სწორედ ამ მიზეზითაა მნიშვნელოვანი. რუსთავი 2-ის  სარედაქციო პოლიტიკა ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის.