ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მონრეალის ჯაზბალეტის ქაოსი და წესრიგი

მონრეალის ჯაზბალეტის ქაოსი და წესრიგი

თხრობა იმის შესახებ, რაც ვნახე, ბოლოდან უნდა დავიწყო. ბოლო ნომრიდან, რომელსაც “კოსმოსი” (2014) ეწოდებოდა და რომელმაც ტრანსში შეყვანის არტ თუ ფსიქომეთოდის, ილეთის გარეშე გალაქტიკა ცოტა ხნით ნიუ იორკის ერთ – ერთ თეატრში დაატია.  ბერძენი  ქორეოგრაფის ანდრონის ფონიადაკისის გარდა ამგვარი ტელეპორტაცია კომპოზიტორისა და ვიზუალური არტისტის ჯულიან ტარიდესა და განათების ოსტატის ჯეიმს ფროუდფუტის დამსახურებაცაა. ჩაბნელებულ სცენაზე მოცეკვავეების სხეულებზე თითქოს ბლანტ საბურველში გახვეული პატარ–პატარა ვარსკვლავების ჭავლები ნელა ირხეოდა. ვარსკვლავები თავის თავად – არა, არამედ – ჯაზ ბალეტის დასი; გალაქტიკა კი მათ სხეულებზე პროეცირდებოდა. არ მახსოვს თანმიმდევრობით ვინ რას ცეკვავდა, ცხადად მხოლოდ ის მახსოვს, რომ “იქ, ზევით” ნამდვილად ვიყავით.  ცხელი ქაოსიდან ამოზრდილი ვარსკვლავების ცივი ნაკადი მოწესრიგებულად იწყებდა მოძრაობას, ისე, როგორც ამ წესრიგის დამყარებამდე არსებული კონტრაპუნქტი.  ქორეოგრაფი კუნძულ კრეტადან ანდრონის ფონიადაკისის დინამიზმი ჰარმონიულად მოერგო “მონრეალის ჯაზბალეტის” სპეციფიკას:  მოცეკვავეების აბსოლუტური, მაქსიმუმის მაქსიმუმამდე აყვანილი სინქონულობა, მოძრაობის უწყვეტობა; მუდმივი  დაძაბულობის ესთეტიკა კი აქა–იქ მიბნეული ჰელიოპაუზებიან ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მოგაგონებდა.  ისიც მახსოვს, რომ “კოსმოსის” დასრულებისთანავე წამსვე ძირს დავენარცხეთ და დავმიწდით ისე, რომ არც დიონისე, არც ბორეასი და ძმანნი მისნი არ გვინახავს.

ანდრონის ფონიადაკისი კარიერის დასაწყისში მარია კალასის ფონდის გრანტიორი გახდა და მას მერე თავისი ნახელავი  ევროპის არაერთი თეატრის სცენაზე წარადგინა; 2012 – ში  კი იტალიაში “წლის საუკეთესო ქორეოგრაფის” წოდებაც მიიღო. 2003 – ში არტისტმა საფრანგეთში თავისი საბალეტო კომპანია Apotosoma დააფუძნა. გარდა ამისა ანდრონისმა ძალები კინემატოგრაფშიც მოსინჯა. იგი დარენ არონაფსკის ფილმში “ნოე” მოძრაობის კოორდინატორი იყო.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

“მონრეალის ჯაზბალეტი” (“Les Ballets Jazz Montreal” 1972), რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი სახელგანთქმული კანადელი მოცეკვავე ლუის რობიტაილია, იმ არტისტებს აერთიანებს, ვინც ზოგადად თანამედროვე საბალეტო სკოლას საერთაშორისოდ ცნობადი სახელი, პოპულარულობა და პრესტიჟი შეუქმნა: კანადელი კრისტალ პიტი, ბრაზილიელი როდრიგო პედერნეირასი, იტალიელი მაურიო ბიგონზეტი, ამერიკელი აზურე ბარტონი, ესპანელი კაეტანო სოტო, ისრაელელი ბარაკ მარშალი და ჰოლანდიელი ანაბელა ლოპეზ ოჩოა. ამ კომპანიის წამყვანი ბალერინა რობიტაილის მეუღლე, ფრანგი სელინ კასონია, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან სცენაზე დგას და რომლის დედასთან ერთადაც რობიტაილი ცეკვავდა. წითელგრძელთმიანი სელინი დასის სავიზიტო ბარათია – უსაშველოდ გამხდარი, მუსკულებიანი, საოცრად პლასტიური და ხალისიანი, რომლის მხრებს მიღმა უამრავი ტრამვის, ანორექსიისა და დეპრესიის დაძლევაა. მორის ბეჟარის საყვარელი მოცეკვავე გავლენიანი კანადელი არტისტის ოჯახის წევრიც გახდა და ამიტომაც მას ორმაგად უფრო მეტი მუშაობა უწევს, რათა მისი ექსტრაორდინალურობა საჭიროზე უფრო მეტმა აღიაროს.

Joyce Theatre – ის სცენაზე “მონრეალის ჯაზბალეტმა” პირველ ნომრად წარადგინა  როდრიგოს პედერნეირასის დადგმა “სიწითლე”, რომლის მუსიკალური ფონისთვის გერმანული ჯგუფის The Grand Brother –ის კომპოზიცია გამოიყენა. მკაცრი მარშის რიტმზე შექმნილი ქორეოგრაფია იმ მთლიანის ნაწილებისგან შედგება, რომელითაც ამ არტისტის ხელწერას გამოარჩევ – სამბა, ჯაჯადუ (ბრაზილიური რიტმული ცეკვა, რომელსაც ომში გამარჯვებისას ცეკვავდენენ), კეპუერა (ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება) და სამეჯლისო ცეკვა. მოცეკვავეების სამოსითა და მოძრაობების “პირველყოფილობით” ხვდები, რომ ცეკვა კანადელი აბორიგენებისაა, ხოლო ის, რაც სცენაზე ხდება – ეკოლოგიური თუ სხვა კატასტროფის რემინისცენცია. არტისტი ამბობს, რომ მისი ქორეოგრაფია “სხეულის შიგნით ცეკვაა” – ერთგვარი ორაზროვანი ეკვლიბრისტიკა, რომელშიც იუმორიცაა და ძალადობაც. პირადად მე ეს “სიწითლე” მუდმივ შფოთში მამყოფებდა, თითქოს დასასრულს აუცილებლად ცუდი რამ უნდა მომხდარიყო.  ამ ქორეოგრაფს, რომელიც გერმანული, პორტუგალიური, ფრანგული, შვეიცარული, კანადური საბალეტო დასებისთვის მუშაობს, “კლასიციზმის ბრაზილიური წესით რეკონსტრუქტორს” უწოდებენ, რომელიც ცდილობს მოძრაობაში თავისი ქვეყნის ეგზოტიზმი სტერეოტიპიზაციის გარეშე წარმოაჩინოს. მისი ხელწერისთვის დამახასიათებელია ჯგუფისგან ერთი  ან რამდენიმე მოცეკვავის გამოყოფა  და მათზე მაყურებლის მზერის  მიჯაჭვება,  მოძრაობა კი სპონტანურობისა და ამავდროულად პედანტურად გათვლილობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

ისრაელელი არტისტი იციკ გალილი ბოლო ხუთი წელია მსოფლიო სცენებზე ერთ–ერთი მოთხოვნადი ქორეოგრაფია. მის დადგმაში “მონო ლიზა” (Mono Lisa. 2015) იგი კომპოზიტორიცაა და გამნათებელიც. სცენა იწყება სიბნელეში ანთებული შუქის წერტილების ჯგუფის ზევით აზიდვით ისე, რომ ისინი თეთრ სვეტებს ქმნის. მუსიკა მკაცრია, შედგება ინდუსტრიული ტონალობებისგან და საბეჭდი მანქანის მივიწყებულ ხმებს აცოცხლებს. ეს ჟღერადობა თითქოს სცენაზე მოცეკვავე ქალისა და კაცის მოძრაობის მოტივატორია, მათ ერთმანეთისკენ უბიძგებს და აშორებს, კონკურენტებად გადააქცევს. კარის ჭრიალი თუ საამქროს დაზგის ხმაურის ფონზე კლასიკური ბალეტის მოძრაობებსა და მოდერნცეკვას შორის მცირე პაუზები ჯერ გაბნევს, მერე ამ პერკუსირებულ ხმებზე ბალაჩინისა და ფიგურული სრიალის ნაფლეთებს ეჩვევი. ვერ გაიგებ, ეს წყვილი სასიყვარულო ელერსშია თუ სპარინგში; გრძნობებს სხეულის პლასტიურობით თუ აგრესიის უეცარი, მოუხეშავო შეტევებით გამოხატავს.  ჯერ გგონია, რომ ამგვარი მუსიკალური აურა უფრო რობოტების, ბრეიქ დანსის სტილია, მერე კი ამ ინდუსტრიულ ეზოთერიკაშიც ხედავ ადამიანურ მოწყვლადობას, მარტოობას თუნდაც სექსუალური თამაშების დემონსტრატიულობით. წყვილის ცეკვა კი ტექნიკურად უნაკლოა. უფრო სწორედ, დემონსტრატიულად თვითკმარი,  სრულიად უნაკლო.

სპექტაკლის დასასრულს “მონრეალის ჯაზ ბალეტის” დირექტორმა ფრანგული ინგლისურით თქვა, რომ ძალიან უხარია, რომ  ამ ჯერზე ნიუ იორკში დასის გასტროლებს სტიქიური უბედურება არ დაემთხვა, როგორც წინა ჯერზე, როცა ნიუ იორკს დამანგრეველმა ქარშხალმა “სენდი” გადაუარა და მოცეკვავეები, ფაქტობრივად, დაცარიელებული ქალაქის სანახავად ჩამოვიდნენ. ჰოდა, მისმა სიტყვებმა ზუსტად მიმახვედრა იმ განცდის სახელწოდებას, რომელმაც სპექტაკლის დროს მომიცვა. წერსიგის წილ – ქაოსი და ქაოსის წილ – წესრიგი.