ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნიუ იორკის პრაიდი: ქართველები და ლგბტქ ისტორია

ნიუ იორკის პრაიდი: ქართველები და ლგბტქ ისტორია

47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში ივნისის მიწურულს კრისტოფერ სტრიტზე, იქ, სადაც „სტოუნუოლის ამბოხის” ისტორიული ადგილია განლაგებული, ამერიკელებმა და ქვეყნის სტუმრებმა ტრადიციული ლგბტქ პრაიდი (პარადი, სიამაყე) გამართეს. აშშ–ში არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურად ივნისის თვეს ლგბტქ პრაიდის თვედ აღიარებს ანუ ამის თაობაზე ე.წ. პროკლამაციას გამოსცემს. ასე აკეთებდა კლინთონი, ობამა. წელს ფედერალურ დონეზე ამერიკელებმა ამგვარი „მესიჯი” აშშ –ის 45–ე პრეზიდენტ ტრამპისგანაც მიიღეს.

წელს ლამის მთელი მსოფლიო მადრიდიდან ვიდრე თელ-ავივამდე, სან–ფრანცისკოდან ვიდრე ლონდონამდე (სულ მსოფლიოს 35 ქალაქი) 28 ივნისს შეუერთდა მარშს, რომელიც გარეგნულად უფრო სახალისო ბრაზილიურ კარნავალს ჰგავდა, ვიდრე ადამიანის უფლებების რუტინულ აქციას. ნიუ იორკის პოლიციიდან ვიდრე ქალაქის სანიტარულ სამსახურამდე სახელმწიფოს თითქმის ყველა ორგანიზაცია პარადზე ცისარტყელას ფერებში შეღებილი ლოგო–გერბებით წარსდა. მსვლელობას წინ ქალაქის მერი, ბილ დე ბლაზიო მიუძღოდა.

სიეტლში გამართულ პრაიდზე იმყოფებოდა სამხედრო პირი ნათანიელ ბოემი, რომელიც ამჟამად საჰაერო ნაციონალურ გვარდიაში მსახურობს. იგი პრაიდის ერთი რიგითი მონაწილე იქნებოდა, რომ არა ნათანიელის გამოჩენის ისტორიული დეტალი. ერაყში ნამყოფი ბოემი, რომელმაც მსახური 11 სექტემბრის ტერაქტამდე ექვსი დღით ადრე დაიწყო, გახდა პირველი მოქალაქე, რომელმაც პენტაგონის თანხმობით გეი – პარადზე სამხედრო უნიფორმით გაიარა.

5

ნიუ იორკში გამართული პარადის მონაწილეები წელს, ისევე როგორც შარშან, ქართული ლგბტქ თემის წარმომადგენლებიც იყვნენ. მათ შორის, „ლგბტ საქართველოს” დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე.

„ნიუ იორკის პრაიდზე მეორედ ვიყავი, პირველად შარშან გავედი, მეგობრებიც გავიყოლე” – მიყვება დავითი, – „ვერ აღვწერ ამ გრძნობას. შარშანაც და წელსაც საკმაოდ ამაღელვებელი და ამავდროულად სასიამოვნო იყო მეხუთე ავენიუზე ამდენ ადამიანთან ერთად სიარული. მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ყველას უხაროდა, ყველა ბედნიერი იყო და აბსოლუტურად ყველა დაცულად გრძნობდა თავს. პირადად მე პირველად აღმოვჩნდი ლგბტქ შეკრებაზე, სადაც არც ერთი წამით არ შემშინებია. იმავეს გრძნობდა სხვა დანარჩენი ქართველიც. წინა წლის პრაიდზე 25 ქართველი მივედით. წელს – 20. თუმცა მსურველი უფრო მეტი იყო. უბრალოდ დანარჩენნი მოუცლელობის გამო ვერ შემოგვიერთდნენ.“

დავით შუბლაძე

დავით შუბლაძე

–  აქ, აშშ–ში პრაიდმა უკვე ხომ არ დაკარგა თავისი აქტუალობა?

– ამ შეკრების უპირველესი მიზეზი ისაა, რომ სხვებთან ერთად აღვნიშნოთ ჩვენი რაობა, ოღონდ ყოველგვარი სირცხვილისა და და რეპრესირებული თვითშეფასების გარეშე. როდესაც ისეთ გარემოში იზრდები, როგორიც საქართველოშია, რთულია საკუთარი თავი მიიღო ისეთად, როგორიც ხარ; არ მიიჩნიო თავი ნაკლულად და ბუნების შეცდომად.  მე არასაბჭოურ, „სხვა საქართველოში” გავიზარდე და ლგბტქ–ის თემის მიმართ დამოკიდებულება ხალხის მხრიდან, ზოზინით, თუმცა იცვლება. უფლებრივად კანონი ჩაწიკწიკებულია და ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითებიდანაა გადმოკოპირებული, თუმცა რეალურად ის არ და ვერ სრულდება, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, სიტუაცია ნამდვილად უკეთესობისკენაა შეცვლილი.

დაუჯერებელია, მაგრამ ნიუ იორკის პრაიდზე ვნახე ადამიანები, რომლებიც მიუხედავად აქ ყოფნისა, მაინც მალავდნენ საკუთარ სახესა და შიშის გრძნობა კვლავაც აქვთ, რადგანაც ეშინიათ სადმე მათი ფოტო არ გამოჩნდეს, მერე კი – საქართველოში გავრცელდეს; ეშინიათ, რომ ამას მათი ნათესავები ნახავენ და შემდეგ ამას პრობლემები აუცილებლად მოჰყვება. მაგალითად, შარშან გავრცელდა ნიუ იორკის პრაიდზე გადაღებული ჩვენი ფოტო. მავანი ჯერ იმას ამბობდა „ესენი ქართველები არ არიანო“; შემდეგ კი ცნობილი ჰომოფობი და რომლიღაც უწყების მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე გაიძახოდა: „ნიუ იორკში ქართულმა დროშებმა ყველა სხვა ქვეყნის დროშების რაოდენობას გადააჭარბაო”. ამას და სხვა ამდაგვარ კომენტარებს თავადაც ნახავდით, გარდა ამისა სხვადასხვა საიტებმაც დაიტაცეს ჩვენი ფოტოები, რასაც თემის არარეალური გაბუქება მოჰყვა. ჩვენს გამოჩენას აქაურ პრაიდზე საქართველოში ისეთი შეფასებები მოჰყვა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იყო მუქარები და გინებები, თუმცა „კლავიატურის ლომებისაგან“ და „ურა-პატრიოტებისგან“ არაფერია გასაკვირი.

– 2013 ის 17 მაისის პრაიდი საქართველოში ტაბურეტის ნიშნით წარიმართა და ცხადია ნიუ იორკის პრაიდზე რადიკალურად განსხვავებული გარემო დაგხვდათ…

– როდესაც საქართველოში ვიყავი, იმგვარი განცდა, რაც ნიუ იორკში მქონდა, ცხადია არ და ვერ მექნებოდა. რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაა, რომ თბილისური პრაიდი კონსპირაციულად ტარდებოდა. ჩუმად, არავინ გაგვიგოს, ემანდ არავინ ჩაგვცხოს თავში რამე; არავინ შემოგვეპაროს და პროვოკაცია არ მოგვიწყოს…

საქართველოში ნამდვილად არ მქონია საზეიმო განწყობა და სულისკვეთება, რადგან ეს ჩემი უფლების სხვისთვის დამტკიცებისა და ჩემის გატანის დემონსტრირება იყო. „აი! შემომხედე! ვერ მიტან, გძულვარ, გეზიზღები? არადა მე მაინც აქ ვარ! ჩემს არსებობას შენ კანონის ძალით უნდა შეგაგუო!“ თუმცა ესეც დამღლელია, წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, გარდა მონაწილეთა რაოდენობისა. პირველად ლგბტქ თემმა 17 მაისი – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე 2011 წელს აღვნიშნეთ და ის ჩემთვის ყველაზე თავისუფალი, უსაფრთხო და სასიამოვნოდ მოსაგონარია, ვიდრე  მომდევნო წლების პრაიდი. ყველაზე საძაგლად გასახსნებელი კი 2015 – ის 17 მაისია, როდესაც, კონსპირაციის დონემ პიკს მიაღწია. ოფისიდან პოლიციის „მაყრიონით“ იუსტიციის სახლამდე მისვლა, იქ „დასტუკება“ და შემდეგ პოლიციელის შეძახილი „ჰე, ჰო მორჩით ახლა, დავიშალეთ!“

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა გრძნობა დამეუფლა იმავე წელს თბილისში მრგვალ ბაღში ჩატარებულ აქციაზე. გარემო ზოოპარკსა და ცხოველთა ვოლიერებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანების მშვიდობიან აქციას. ვგულისხმობ პოლიციის კორდონებს და თავად პოლიციელთა რაოდენობას. ამ ისტორიაში ყველაზე ირონიული მაინც ისაა, რომ სახელმწიფოს ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ.

 

3 4

unnamed (1)