ნანა ბუხსიანიძის ბლოგი

კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვისათვის აუცილებელი საკანომდებლო ინსტრუმენტები

04.06.2013 | 1484 |
კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვისათვის აუცილებელი საკანომდებლო ინსტრუმენტები

მიშა სტალინსკის ფოტო
მიშა სტალინსკის ფოტო

ვეტერინარულ მომსახურებაზე ადრე დავწერე და დავსახე კიდეც ის ეფექტური გზები რომლებიც უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიო ბაზარზე.  ამჟამად ინფრასტრუქტურისა და კანომდებლობის უკმარისობაზე გავამახვილებ ყურადღებას და სქემატურად მოვყვები თუ რა გვაკლია და გვჭირდება.

აუცილებელი ინფრასტრუქტურაა კომპანიონ ცხოველთა აღმრიცხავი რეესტრი, მუნიციპალური თავშესაფრები, და ცხოველთა პოლიცია. უნდა განისაზღვრონ ამ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი უწყებები  და დაევალოთ საქმიანობის წარმართვა.  მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს ვეტერინარიის დეპარტამენტი (კომპანიონ ცხოველთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი), მუნიციპალიტეტი (მუნიციპალურ თავშესაფრებზე და იქ განთავსებულ ცხოველებზე მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი), მაშველთა კორპუსი ( ცხოველთა პოლიცია). ეს ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს. დავიწყებ ლოგიკური პროცესით.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა დაინერგოს:

1. კომპანიონ ცხოველთა რეესტრი (მოქალაქეთა რეესტრის მსგავსად);

1.2. კომპანიონ ცხოველებს უნდა გაუკეთდეთ ჟეტონები საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ან მიკროჩიპები), რომელიც რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეიტანება მეპატრონის ვინაობასა და მისამართთან ერთად.  

(ეს მომსახურება უნდა იყოს ფასიანი მაგრამ გონივრულ ფარგლებში. 

1.2.1. ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში გადასახადი უნდა იყოს უფრო მაღალი თუ ეს ცხოველი არაა თავშესაფრიდან აყვანილი ან რომელიმე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებულად გადარჩენილი. 

1.2.2. უჯიშო ცხოველზე გადასახადი უნდა იყოს ნაკლები ან სულაც უნდა მოხდეს მისი პატრონის გადასახადისგან გათავისუფლება. ამგვარად მოხდებოდა ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების წახალისება და ასევე უპატრონო უჯიშო ცხოველებისგან ქუჩების განტვირთვის წახალისება

1.2.3. სტერილულრ ცხოველებზე გადასახადი უნდა იყოს ნაკლები ვიდრე არასტერილურზე)

მას შემდეგ რაც ადგილზე გვექნება მონაცემთა ბაზა და ცხოველების აღრიცხვის მეთოდები, უკვე ადვილი იქნება ნებისიმიერი კანონმდებლობის ამოქმედება და აღსრულება.

2. მიღებულ იქნას საერთო კანონმდებლობა  შინაური კომპანიონი ცხოველის მეპატრონეობაზე. კანონმდებლობა უნდა გაიყოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ნორმებად.

კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს მეპატრონის პასუხისმგებლობას:

2.1. რეესტრში გატარებული კომპანიონი ცხოველის  სავალებულო ვაქციანციაზე;

2.2. და მისი საცხოვრებელი ადგილით სავალდებულო უზრუნველყოფაზე.

2.3. რეგისტრაცია უნდა განახლდეს ყოველწლიურად.

2.4 ცხოველის დაკარგვის შესახებ მეპატრონემ სასწრაფოდ უნდა აუწყოს რეესტრზე პასუხისმგებელ უწყებას.

ამ პუნქტის დარღვევა და შეუსრულებლობა უნდა ისჯებოდეს გარკვეული სანქციებით.

დააკვირდით: კანონმდებლობის მიხედვით კომპანიონი ცხოველის მიტოვება უნდა იყოს განხილული როგორც დანაშაული.თუ ადგილი აქვს დაკარგვას მაგრამ მეპატრონე არ იჩენს სურვილს ცხოველი მოიძიოს და არ აცნობებს ამის შესახებ ცხოველთა რეესტრს, ეს ქმედება უნდა დაისჯეს გარკვეული საჯარიმო სანქციით. 

კანონდმებლობაში ცალკე პუნტქად გამოიყოს ცხოველის გამრავლება და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები და პასუხისმგებლობები. კერძოდ, 

3. ცხოველის გაყიდვა მხოლოდ ლიცენზირებულ მომშენებლებს უნდა შეეძლოთ. 

       

       3.1 ლეკვის პასპორტში და გენეალოგიის დოკუმენტში სავალდებულოდ უნდა აღინიშნოს მომშენებლის ლიცენზიის ნომერი. 

       3.2 ლიცენზია უნდა გააჩნდეს როგორც სანაშენე მდედრი ასევე სანაშენე მამრი ძაღლის პატრონს.

       3.3 უნდა დაწესდეს ლიცენზიის გადასახადი. 

       3.4 ლიცენზია იყოს ან ერთჯერადი (ანუ ერთჯერადი შეჯვარებისთვის) ან მრავალწლიანი        (პროფესიონალური მომშენებლებისათვის).

       3.5 ლიცენზიის ნომერი უნდა აღირიცხოს კომპანიონ ცხოველთა რეესტრში.

      

  * ლიცენზია არ ეხებათ გასაჩუქებელ ლეკვებს.

4. განისაზღვროს მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა იდენტიფიცირებული,  ცხოველთა რეესტრში აღრიცხული კომპანიონი ცხოველის მეპატრონის წინაშე. კერძოდ,

4.1. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს კომპანიონი ცხოველების თავშესაფარი. არასამთავრობო თავსესაფრები შეიძლება თანამშრომლობდნენ მუნიციპალიტეტთან ამ სფეროში.

4.2. დაკარგული ცხოველის პოვნის შემთხვევაში ცხოველი აუცილებლად უნდა განთავსდეს თავშესაფარში და საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით მონაცემთა ბაზიდან მოიძებნოს პატრონი და  მოხდეს მასთან დაკავშირება. ანუ მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანური ფუნქცია ექნება რომელიც პატრონებისთვის დაკარგული ცხოველის დაბრუნებასაც ნიშნავს.

4.3. თუ მეპატრონე უარს იტყვის ცხოველის წაყვანაზე, უნდა მოხდეს მეპატრონის დაჯარიმება ადმინისტრაციული სამართლის შესაბამისი მუხლის მიხედვით (ვინაიდან ადგილი აქვს 2.2 პუნქტის დარღვევას)

4.4. მუნიციპალიტეტი უნდა აწარმოებდეს თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების მონაცემთა ბაზას სადაც მოყვანილი იქნება მოთავსებულ ცხოველთა საიდენტიფიკაციო ნომრები. და დაძინების ან გაჩუქების მიზეზები. თუ ასეთი რამ არ მოხდება დადგება თავშესაფრის პასუხისმგებლობის საკითხი.

ცხოველი, რომელიც დარჩება რეგისტრაციის გარეშე, ფაქტიურად, ვერ დაექვემდებარება მუნიციპალურ მომსახურებას (პოვნის და პატრონისათვის დაბრუნების).

აქამდე რაც დავწერე ადმინისტრაციული სანქციებით აღსრულებადი კანომდებლობაა (ვაქცინაციის ჩაგდება, რეგისტრაციის არგანახლება და ცხოველის დაკარგვა (უნებლიე) არაა სისხლის სამართლის საქმე.).

5. კანონმდებლობაში ცალკე უნდა გამოიყოს სისხლის სამართლის დანაშაულებიც რომლებიც არსებულ 259 მუხლს შეავსებენ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის თაობაზე. ამ მუხლში ტერმინი სისასტიკე არაა განსაზღვრული და სპეკულაციის საშუალებას ტოვებს. ამიტომ აუცილებელია სისასტიკე განიმარტოს კანონმდებლობით. მაგალითისვის სისასტიკეა:

5.1. ცხოველის განგებ მოშორება, მიტოვება,

5.2. მის მძიმე საცოხვრებელ პირობებში ყოლა (განისაზღვროს ცხოველის მოვლის აუცილებელი მინიმალური პირობები)

5.3.მისი სიცოცხლისათვის შეგნებულად სახიფათო მოპყრობა:  წამება, ჩხუბებში მონაწილეობის მიღებას გამდიდრების მიზნით, მოკვლა.

ამ სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირებულ ქმედებებზე სასჯელი უნდა იყოს მრავალათასიანი სანქციიდან დაწყებული თავისუფლების რამოდენიმე წლიან აღკვეთით დამთავრებული.

  

* ცხოველების მოძიება და პირველადი დახმარება უნდა დაეკისროს ცხოველთა პოლიციას.