ვინაიდან სხვისი სიცოცხლისა და ცხოველმოქმედების პროდუქტების მოხმარების ჯაჭვში ბოლოსდაბოლოს მიადგები იმ რგოლს, სადაც ბუნებაზე ძალადობაზე უარის თქმა აღარ გამოგივა და საკუთარ არსებობასთან მოხვალ წინააღმდეგობაში… ვაჟა-ფშაველამ დასვა დილემა იმ უსასრულო პროცესზე მითითებით, რომელშიც მინდია არათუ ძუძუმწოვრების მოხმარებაზე ამბობს უარს, არამედ ბალახის ვედრებაც კი ჩაესმის “არ მომცელოო” და იძულებულია მასაც უსმინოს… ფაქტიურად მინდია საკუთარ არსებობას ეწინააღმდეგება თავისი თანაგრძნობის უნარით. კითხვა, რომელიც დასვა ვაჟამ, არის შემდეგი: სად არის წონასწორობის ხაზი სისასტიკესა და ჰუმანიზმს შორის? სად არის ზღვარი, სადაც საკუთარ სიცოცხლესა და სხვების მიმართ თანაგრძნობას შორის კონფლიქტი მთავრდება? სად უნდა დამარცხდეს მინდია ისე, რომ არ მოკვდეს?
ცხოველის მიმართ სისასტიკე საკმაოდ ფართო და კომპლექსური თემაა. თუ უცხოპლანეტელის თვალით შეხედავ სიტუაციას,
ადამიანს თავისი ცხოვრების სტილით მისჯილიც კი აქვს ცხოველებისა და გარემოს მიმართ სასტიკი დამოკიდებულება, რაც მათ მოკვდინებასა და მოხმარებაში გამოიხატება. ამიტომ შეიძლება სულაც პრიმიტიულად, ერთი წინადადებით დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი და ვთქვათ, რომ ადამიანი არის სასტიკი ვინაიდან ის კლავს და ჭამს ცხოველებს, აჩანაგებს ბუნებას და ამგვარად ირიბადაც იწვევს ამ სამყაროს მგრძნობიარე წარმომადგენლების მტანჯველ განადგურებას. მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელ ადამიანს, რომელიც მიეჩვია ასე ცხოვრებას და მომხმარებლობას სხვაგვარად არც შეუძლია.
თუმცა ასეთ რეალობაშიც კი იოლია გამოყო ძალადობისა და სისასტიკის ორი კატეგორია: თავიდან აცილებადი, არააუცილებელი ძალადობა და აუცილებელი ძალადობა გამოწვეული გადარჩენის ბუნებრივი ინსტინქტით.
ადამიანის მიერ ცხოველების უტილიზაციის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც მოიცავს არააუცილებელი ძალადობის მომენტებს: მცირე საოჯახო მეცხოველეობა (ძალადობა განპირობებული ადამიანის გადარჩენის მიზეზით, რაც მცირე მასშტაბით ხდება დედამიწაზე და ასე თუ ისე არ არღვევს ბალანსს), მეცხოველეობის ინდუსტრია (ცინიკური კონვეიერული სისტემა, რომელიც ცოცხალ არსებებს აიგივებს უსულო საგნებთან და მხოლოდ მოგებას ელის მათი არსებობისგან), ნადირობა კვებისათვის (განვითარებული მეცხოველეობის პირობებში საკმაოდ გაუმართლებელი და აუხსნელი ბოროტება, რომელიც გავრცელებულია საკმაოდ დიდი მასშტაბით), ნადირობა სიმდიდრისა და სილამაზის ინდუსტრიისათვის (დიდი მასშტაბის დაუნდობელი ცინიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია სახეობების განადგურება), სანჰიგიენური მოსაზრებებით კომპანიონი ცხოველების ხოცვა (შეგნებული დიდი ბოროტება დიდი მასშტაბით), წარმოების და ცხოველმოქმედების პროდუქტების მიერ გარემოს დაბინძურება და ველური ბუნების წარმომადგენლების ირიბი განადგურება (შეუგნებელი ბოროტება რომელსაც დიდი მასშტაბი აქვს, პრინციპით: რასაც უშუალოდ არ ვხედავ, იმას არ ვცნობ), სამეცნიერო ტესტები ცხოველებზე ( ძალადობა და ბოროტება მეცნიერების სახელით), მედიკამენტების გამოცდა ცხოველებზე (ძალადობა ჯანრთელობის სახელით), წარმოების პროდუქციის გამოცდა ცხოველებზე (გაუმართლებელი სისასტიკე ცხოველებზე გაურკვეველი მიზნებით) … მოკლედ ფაქტია, ადამიანს მრავალი გზა აქვს მოძებნილი ცხოველთა განადგურებისათვის და მათზე ცინიკური ძალადობისთვის. სისასტიკის სხვა ფორმები არაა მკვლელობასთან დაკავშირებული და ცხოველებისთვის აუტანელი და დამთრგუნველი ცხოვრების პირობების შექმნაში მდგომარეობს ადამიანის გართობის მიზნით: ცირკი, ზოოპარკი, როდეო…
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მეცხოველეობა და ნადირობა ადამიანთა მოდგმის გადარჩენის ხერხი იყო წარსულში. ადამიანის მიგრაციამ და მის მიერ ახალი საცხოვრებელი ტერიტორიების ათვისებამ თავისთავად მოითხოვა მისგან ნებისმიერ კლიმატთან შეგუება, რაც თოვლიანი და უნაყოფო კლიმატის პირობებში ცხოველების საკვებად და სამოსად მოხმარებას ნიშნავდა. მაგრამ გარდა ამისა, სწორედ ამ ხერხმა განავრცო ადამიანი დედამიწაზე და აგრძნობინა თავი დედამიწის დომინანტ მოვლენად.
ამიტომ თუ არ დავკარგავთ პერსპექტივას და არ დავივიწყებთ, რომ ჩვენს საკუთარ სახეობაზე ვლაპარაკობთ, რომელიც დიდი ხანია გასცდა ტროპიკული კლიმატის კომფორტს და მოსახლეობის სიმჭიდროვის იმ პროპორციებს, რომელიც ცოცხალ სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობაში ხელს არ შეუშლიდა, და რომლის არსებობაც ჩვენს ინტერესებშია, უნდა შევძლოთ იმის გააზრებაც , რომ მთლიანად მოსპობა ცხოველების მიმართ ძალადობისა თითქმის უტოპიაა, რადგან ინდივიდუალური მცირე მასშტაბის მეცხოველეობა გარკვეულ კლიმატურ პირობებში გადარჩენის აუცილებლობას წარმოადგენს სოფლის მხარეში მაინც. მაგრამ არააუცილებელი, თავიდან აცილებადი ძალადობა როგორიცაა კორიდა, მეცხოველეობის ინდუსტრია იმ სახით რა სახითაც არსებობს იგი დღეს, წამლებისა და პროდუქციის გამოცდა ცხოველებზე, ცირკი, ზოოპარკი და ა.შ. დასაგმობია და უნდა ვიპოვოთ ძალადობის უწყვეტ ჯაჭვში სწორედ ის რგოლი, სადამდეც უნდა გავწიოთ ჩვენი ჰუმანიზმი…
ვაჟა ფშაველას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს დაეძებს კაცობრიობრიობის ცივილური და შეგნებული ნაწილი და ნაწილობრივ კიდეც სცემს მას პასუხს იშვიათ სახეობებზე ნადირობის აკრძალვით, წითელი წიგნის შექმნით, ცხოველთა მიმართ სისასტიკის ამკრძალავი კანონმდებლობის შექმნით, ცხოველთა მინიმალური კომფორტის მოთხოვნების შექმნით.
გარდა ამისა კაცობრიობის გარკვეული ნაწილი სერიოზულად გმობს და ებრძვის ხორცის წარმოების ცინიკურ ინდუსტრიას. მრავლადაა ვეგეტარიანელები და ვეგანები მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ გლობალური ეკონომიკის პირობებში მდიდარ განვითარებულ სამყაროში ქალაქად მაცხოვრებელ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ცხოველური პროდუქტების ნაცვლად მცენარეული ალტერნატივის გამოყენება საკვებად.
აქამდე კაცობრიობის დამოკიდებულებას განვიხილავდი გველის–მჭამელის მიერ წამოჭრილი კითხვის კონტექსტში, მაგრამ ამ წერილში მინდა შევეხო ძალადობის პერვერსიულ ფორმას ანუ სადიზმს, რასაც ინდივიდუალური ადამიანები ანხორციელებენ ცხოველებზე მათი უენობისა და დაუცველობით გამოწვეული დაუსჯელობის სინდრომის გამო. ფაქტიურად ეს არის უკიდურესი სასჯელი კაცობრიობისა იმისათვის, რომ მან ამდენი ხანი ვერ მოუარა ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების პრობლემას. ადამიანებს შორის იზრდებიან მუტანტები, რომელთა სისასტიკე ყოველგვარ ზღვარს ცდება. სადიზმი ცხოველების მიმართ არის დაავადება, რომელიც უნდა დამარცხდეს პირველ რიგში. და ამ დაავადების დამარცხება არათუ სრული სურათის და კონტექსტის შეცვლით შეიძლება, არამედ საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას ადექვატური კანონმდებლობის მიღებით. ის ფაქტი, რომ ყველა სერიული მკვლელი ცხოველებიდან იწყებდა, სცილდება ამ სტატიის ფოკუსს და ამიტომ მას არ შევეხები.
რაც უფრო ნაკლებ ეფექტურია საზოგადოება ცოცხალ სამყაროზე ზნეობრივი ზემოქმედების პრინციპის დამკვიდრებაში, მით უფრო ხშირად აქვს ადგილი ინდივიდუალურ დონეზე ადამიანების გადაგვარებას, რაც ცხოველების მიმართ სადიზმში ჰპოულობს გამოხატულებას. ამ სფეროში საზოგადოების უმოქმედობის პირველი მსხვერპლი კი ბავშვია.
ამ სამყაროში ბავშვი იბადება ფართოდ გახელილი თვალებითა და გულით, მას შეუძლია უყვარდეს სამყარო და სიცოცხლე, სიცოცხლე არა მარტო საკუთარი არამედ სიცოცხლე ყოველივესი და ყველაფერში. მაგრამ იგი იბადება გარემოში, რომელმაც დიდი ხანია მანიაკალურ ფუჭ გართობად აქცია სხვა სახეობების მგრძნობიარე არსებების სიცოცხლის ხელყოფა. ამიტომ ნელ–ნელა ნაბიჯ–ნაბიჯ ბავშვი ეჩვევა ძალადობას: შემწვარი გოჭის პირისპირ ჯდომით სუფრაზე, და მიზანთროპულ საზოგადოებაში მიღებული სხვა გამოცდილებებით, სადაც ძალადობის პრიმატია, სადაც უფროსები ქუჩებსა და ეზოებში მაშებით ათრევენ ძაღლებს და კისრებს უმტვრევენ მათ, სადაც უფროსები ანესთეზიის გარეშე კოდავენ ან ყელს ჭრიან ღორებს და სასოწარკვეთილი ცხოველის ტირილს საათობით ასმენინებენ ბავშვებს, სადაც რელიგიურ დღესასწაულზე მშობლები ცხვრებისა და ძროხების დაკვლას და გატყავებას აყურებინებენ მათ, სადაც ზოოპარკებში დეპრესიით ცოცხალ–მკვდარ ცხოველების სანახავად დაყავთ , სადაც სულში “დამტვრეულ” სპილოებზე, ვეფხვებზე და ლომებზე აცინებენ ცირკის არენიდან, სადაც დიდი ხანია დაუსჯელობის სინდრომი ბობოქრობს. ბავშვი სწავლობს სუსტზე სისასტიკეს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი კომუნიკაციის ენა თავიანთი უფლებების დასაცავად. სამაგიეროდ მათ აქვთ გრძნობები, ჟესტები, სახე და ხმა, რომელიც ცხადჰყოფს და გამოხატავს მათ ტანჯვას. სხვისი ტანჯვით სიამოვნების პოვნის და აგრესიის სხვაზე გადატანის ბოროტი ნაერთი სახეზეა. ტრამვირებული ბავშვისათვის გზა ხსნილია სადიზმისაკენ და სადისტური თამაშებისკენ.
ახლა გადავხედოთ ბოლო დროის ინფორმაციებს ჩვენს მედიაში:
თბილისის ზოოპარკის ბინადარს დამთვალიერებლებმა ცეცხლი წაუკიდეს…
ზესტაფონელი ახალგაზრდა სოციალურ ქსელში თავმოჭრილი ძაღლის ფოტოს ავრცელებს…
სოციალურ ქსელებში სხვა სათაურებიც სჩანს:
ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ცოცხალ ძაღლებს მჟავაში წვავენ,
ბავშვებს ლეკვები მოსაკლავად მიჰყავთ,
ბიჭებმა ძაღლს სახეზე საფანტი აუფეთქეს,
ბავშვები კნუტებს აფეთქებენ,
ბავშვებმა პეკინის 10 ნომერში ლეკვი გადმოაგდეს მეათე სართულიდან და ა.შ.
ტრაგედიაა ის, რომ ჩვენ ფაქტიურად სადისტების გარემოცვაში ვცხოვრობთ, ჩვენი შვილების გარკვეული ნაწილი კი ფაქტიურად დეგრადირებული მანიაკია, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც მშვიდობიანად თანაცხოვრობს ამ რეალობასთან ფაქტიურად თანამონაწილეა მანიაკალური სისასტიკისა.
გილოცავთ მეგობრებო! ჩვენ არათუ ვერ ვუპასუხეთ დიდი ვაჟა–ფშაველას მიერ ერთი საუკუნის წინ დასმულ კითხვას, არამედ ისე გადავგვარდით, რომ ვაჟას დღეს რომ გაღვიძებოდა და ეს ამბები წაეკითხა, უბრალოდ ქართულადაც აღარ დაწერდა თავის ნაწარმოებებს. იმ შეკითხვას, თუ სად უნდა გაჩერდეს თავის თანაგრძნობაში მინდია, რომ შიმშილით არ მოკვდეს, სხვას დაუსვამდა და არა ძაღლის თავით ხელში თავმომწონე და ზოოპარკში ცხოველებისათვის ცეცხლის მომკიდებელი ბავშვებისა და ახალგაზრდების აღმზრდელ ერს!
მაშინ როცა კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის აზროვნება და მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ ცხოველის მიმართ გადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევ ძალადობას ანუ ინდივიდუალურად გამოკვების მიზნით მოვლილ მცირე მეურნეობას, ალტერნატივა მოუძებნოს და მცენარეებით და მათი ნაყოფით ჩაანაცვლოს ხორცისა და რძის პროდუქტი, მაშინ როცა მსოფლიო კანონმდებლობა მრავალ ათასობით კანონს იცნობს ცხოველთა დაცვის სფეროში, ჩვენ ქართველები არათუ გამანიაკებულ, მოძალადე შვილებს ვზრდით, არამედ, რაც უფრო სავალალოა, ვამართლებთ კიდეც მათ და გავიძახით: რა დროს ცხოველებზე კანონია, ან რა დროს მისი აღსრულებაა, რა დროს ცხოველია, ჯერ ადამიანია საშველიო! და მეც მანდა ვარ!
სწორედაც რომ ადამიანია საშველი, რომ ის არ იყოს მოძალადე მანიაკი ან მანიაკები არ აღზარდოს.
მასზე უფრო სუსტზე და დაუცველზე ძალადობით სიამოვნების მიღება კი ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთა შველაც დაგვიანებულია.
ამიტომ, ის ვინც ჯერ კიდევ არ კმაყოფილდება ცხოვლებზე განხორციელებული ძალადობით, უნდა მობრუნდეს კაცობრიობის განვითარების ისრის მიმარულებით, იგრძნოს უნივერსალური თანაგრძნობა და იგივე ასწავლოს შვილებს. ასეთი ადამიანები უნდა გახდნენ საქართველოში ცხოველთა მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ კანონმდებლობის მომხრე, რათა აღიკვეთოს ცხოველთა წამება და ამ გზით ბავშვების ფსიქიკის მოშლა. მერე კი ის მომავალიც მოვა, რომელიც სულიერი ქვის ხანიდან გვიხსნის და ბავშვებივით გავიხარებთ ამ საყვარელ სამყაროში დაბადებით.