ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართველი ემიგრანტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (ვიდეო)

ქართველი ემიგრანტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (ვიდეო)

ისმის თუ არა იმათი ხმა, ვინც წლების განმავლობაში სიცივისა და შიმშლისგან იხსნა არა მარტო საკუთარი ოჯახი, არამედ მეგობრები, მეგობრების მეგობერები, ნაცნობები, ნაცნობების ნაცნობები, მთელი ქვეყანა? ახსოვს თუ არა სახელწმიფოს, მედიას, ეკლესიას, არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებას ისინი და რამდენად არიან ეს ადამიანები თავიანთი პრობლმებითურთ ხილულნი? არსებული მონაცემების მიხედვით 1,5 მილიონი საქართველოს ყოფილი თუ ამჟამინდელი მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ ციფრის ძალიან სოლიდური ნაწილს სწორედ ეკონომიკური მიგრანტები შეადგენენ და არა მოგზაურობა–გართობისა და ცხოვრების სტილის შეცვლის მოყვარულები. ასევე ზუსტად არავინ იცის რამდენი ქალი წლობით იმყოფება თავისი ოჯახიდან ძალიან შორს  იმისთვის, რომ მისი ოჯახი გამოკვებოს, იმისთვის, რომ მათი შვილები და მშობლები ქალაქში ქუჩა–ქუჩა მოწანწალე უპოვრთა ჯარს არ შეემატონ და მოწყალების მოლოდინში გაწვდილი ხელით  სამორინეებისა თუ ტაძრების კედლებთან არ აიტუზონ. არავინ იცის, რამდენი ბავშვის უფლება ილახება იმის გამო, რომ იგი წლების განმავლობაში საკუთარ მშობლებსაა მოწყვეტილი და მხოლოდ სკაიპით იცის, როგორ გამოიყურებიან დედა და მამა. 

ადამიანის უფლებები განსაზღვრულია და გარანტირებულია გაეროს ხუთ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტში: ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით (1948),   ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (1966), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (1966) და ამ უკანასკნელის  ორი ფაკულტატური  ოქმით. რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობა მივიდა იმ დასკვნამდე და შეთანხმდა, რომ ქალთა უფლებების დაცვა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, ამიტომაც გარდა “ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა” (CEDAW, 1979) მიღებულ იქნა არაერთი რეზოლუცია, შეთანხმება, აქტი, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის შემადგენელ ნაწილად მისი ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვას მოიაზრებს.  საზღვარგარეთ ლუკმა – პურისთვის და შვილის წამლისთვის გადახვეწილი ქალები უფლებრივად დაუცველ და სოციალურად ზღვრულად მოწყვლად ფენას წარმოადგენენ, არადა ზემოჩამოთვლილი უფლებათა კრებული ფასეულობათა სისტემაა, რომელიც მიმართულია თითოეული ადამიანის პატივისცემისა და მისი ღირსების რეალური აღიარების უზრუნველსაყოფად, თუმცა სინამდვილეში (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეკონომიკურ მიგრანტ ქალებს, რომლებიც ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან)  იგი, ფაქტობროვად, უმოქმედო წინადადების გროვაა და მეტი არაფერი.

იმისთვის, რომ კონვენციებში მოცემული უფლებრივი დებულებები ლიტონ სიტყვებად არ დარჩეს, ამისთვის თუნდაც პირველ ეტაპზე საჭიროა თავიანთ უფლებებზე და საკუთარ პრობლემებზე თავად ადამიანებმა ხმამაღლა ისაუბრონ, მიიქციონ სახელმწიფოს, საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო თუ ლოკალური ორგანიზაციების ყურადღება და შეახსენონ “ხალხის რჩეულებს”, რომ ამ უკანასკნელთა მიერვე მარგინალიზირებული ადამიანები არ არიან უტყვნი, უჩინარნი და ამნეზიით შეპყრობილნი. 

 აშშ–ში ჩამოსულ ქართველ ქალთა ისტორიები ძალიან ჰგავს და ამავდროულად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ ერთი რამ აერთიანებთ – ამ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა  ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უპერსპექტივობას გამოექცა, რომლის მიზეზიც სახელმწიფო ჩინოვნიკების კორუფცია, დაუოკებელი მადა, აღვირახსნილი უპასუხისმგებლობა და საზოგადოების ინდიფერენტულობაა. 

აშშ–ში მცხოვრები ემიგრანტი ქალებიც უერთებიან  გაეროს ინიციატივით დაარსებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო  დღისთვის –25 ნოემბრისთვის  საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მიმდინარე აქციებს.

ქალის ეკონომიკური დისკრიმინაციაც ძალადობაა და ქალის უფლებების შელახვაა! 

შეაჩერე ძალადობა!