ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

პოლიტიკური საბალეტო აქტივიზმი იმისთვის, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ

პოლიტიკური საბალეტო აქტივიზმი იმისთვის, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ

როცა შავი ფერის ფორმებიანი მოცეკვავე გოგონები და ქალები წითელი  გაშლილი ქოლგებით ბეტი ნიუსამის სიმღერაზე ჯეიმს ბრაუნის შესრულებით – “ეს კაცის სამყაროა” (This Is a Man’s World) მოძრაობენ, მერე კი ქალთა წრეში იატაკზე დაგდებული კაცის დიდი ზომის შარვალ–კოსტუმი ჩნდება, რომელსაც ერთ–ერთი მოცეკვავე საკუთარი თავის იძულებით როგორღაც იცვამს და ცეკვავს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროტაგონისტი თითქოს ირგებს თამაშის იმ წესებს, იმ კლიშეებს, რომლის გარეშეც ამ სამყაროში ვერ გადარჩება და რომელსაც, წესით, უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

სწორედ ამ დროს ცეკვა უფრო მეტი ხდება, ვიდრე ესთეტიურ ჩარჩოებში თუ მის მიღმა მოაზრებული/ დადგმული მოძრაობა; იგი ხდება მკაფიო, ეზოპეს ენის გარეშე არსებული პოლიტიკური, სოციალური, კულტურული (ამ შემთხვევაში ფემინისტური, ანტისექსისტური) მესიჯი, რომელიც ისეთივე სიცხადისააა, როგორც თავად პროტესტის მიზეზი.

რეიჩელ ნევილის ფოტო

თუ ამ საბალეტო პერფორმანსს ემატება პატარა ბავშვების, გოგონების თავისუფალი, “ქაოტური” სტილით ცეკვა სიმღერით – “წადი ისე შორს, როგორც შეგიძლია”, ბოლოს კი ისევ “უფროსი დეიდების”  წითელი ქოლგები ჩნდება არა როგორც კორიდას “მულეტები”, არამედ თვალშისაცემი, გამაღიზიანებელი დამცველები, ეს სამოქალაქო მოძრაობებში თაობათა ჩართულობის სიმბოლოდ შეიძლება აღიქვა. ეს ამერიკული საბალეტო კომპანიის, Smashworks Dance Company-ის პერფორმანსია სახელად – „გოგონები თავისუფლად მოძრაობენ”. კომპანიის სახელწოდება შეიძლება გადაითარგმნოს ასე – “საზღვრების დანგრევა მუშაობს”,  მისი დამფუძნებელია ალაბამელი ბალერინა და ქორეოგრაფი ეშლის მაკქუინი, ხოლო კომპანიის ადვოკატირების ანუ ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების დირექტორია ქართველი არტისტი ანა ლეჟავა, რომელიც „სმეშს“ 2018 წლის ზაფხულში იმ მიზნით შეუერთდა, რომ  ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ კამპანიაში ჩართულიყო. ერთხელაც მიშელ ობამამ თავისი ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე „სმეშის“ მთელი დასი მიიწვია და მათ საქმიანობას მხარდაჭერა აღუთქვა. ანა ამბობს, რომ იგი პოლიტიკურად აქტიურ თანაკურსელს, ეშლი მაკქუინს უნივერსიტეტიდან იცნობს, ხუთი წლის მერე კი ისინი ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ  და აღმოჩნდა, რომ ორივე ერთნაირად ფიქრობს – ხელოვნებასა და შემოქმედებას აქვს იმის ძალა, რომ საზოგადოება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

„Smashworks Advocasy სწორედ ადამიანის უფლებების დასაცავად შევქმენით“ – მიყვება ანა, – „სმეშვორქის” ყოველი წევრი ვართ არა მარტო ხელოვანები და მოცეკვავეები, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატები. ჩვენი მისიაა შევქმნათ ცეკვის კომპანია, რომელიც ამ ხელოვნებას თეატრისა და სცენის ფარგლების გარეთ გაიტანს და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევს. მაგალითად, ისეთად, როგორიცაა მუსიკა და სახვითი ხელოვნება. ხელოვნების ეს ორი დარგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გვხვდება, ცეკვა კი მათგან ყოველთვის იზოლირებული იყო”.

ანა ლეჟავა. რეიჩელ ნევილის ფოტო

2009 წელს თბილისში ვ.ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ანა ლეჟავა საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც კიროვის საბალეტო აკადემიაში (1989) სწავლობდა, შემდეგ კი „ბირმინგჰემ საუზერნსის უნივერსიტეტისა“ და „ჰონგ კონგის უნივერსიტეტის“ ბაკალავრის დიპლომი მიიღო. იგი ორი სპეციალობის მფლობელია – ცეკვის ხელოვნებისა და პოლიტიკური მეცნიერების. ანა ისეთ კომპანიებში ცეკვავდა, როგორიცაა „ატლანტიკ სითი ბალეტი“, „ალაბამის ახალგაზრდული ბალეტი“ და „ბრაიტონ ბალეტი“. ასევე მუშაობდა ნიუ იორკის  ცნობილ  საბალეტო სტუდიებში – “გიბნი დანსი” და “სტეპი”. ანა ლეჟავა უკვე მეშვიდე წელია ბალეტის პედაგოგია, აქედან ორი წელი ბირმინჰემში (ალაბამას შტატი) „გრებელ ბალეტი ცენტრში“ ცნობილი ქორეოგრაფის,  სტეფან გრებელის მენტორობის ქვეშ ასწავლიდა,  შემდეგ კი  – ნიუ იორკის რუსულ –ამერიკულ აკადემიაში „ბრაიტონის საბალეტო თეატრის“ დამფუძნებელთან,  ქორეოგრაფ ირინა როიზინთან ერთად.

2017–ში ნიუ იორკში ანა ლეჟავამ ჯორჯ ბალანჩინის საღამო იმ მიზნით მოაწყო, რომ უფრო მეტი ნიუ იორკელისთვის გამოჩენილი ქართველი არტისტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. იგი გეგმავს, რომ იგივე პროგრამით ვაშინგტონსაც ეწვიოს. როგორც თავად ამბობს, უკვე სამი წელია ქორეოგრაფია მისი ინტერესის სფეროა და საკუთარი ქორეოგრაფიული ხელწერის ძიებაშიცაა. ამ პროცესში მას ეხმარება მისი მეგობარი და მენტორი, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი ქორეოგრაფი ირაკლი შენგელია.

ანა ლეჟავა ბავშვთა საბალეტო დასთან ერთად. ია მერკვილაძის ფოტო

„ჯერ კიდევ IXX საუკუნემდე პროფესიული ცეკვა მხოლოდ არისტოკრატული სასახლეების მიღმა, XX საუკუნემდე კი – მხოლოდ ფორმალური თეატრის ფარდის მიღმა არსებობდა” – ამბობს ანა, “– XXI საუკუნეში ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ადგილი, სადაც სპეციფიური ხელოვნება ადამიანის უფლებებზე ამეტყველდება. გვინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა და ეს ხელოვნება ბავშვებს ადრეული სკოლის ასაკიდან შევაყვაროთ; გამოვიყენოთ ცეკვის უნივერსალური ენა და მაყურებელზე ემოციური გავლენა სწორედაც რომ საზოგადოების პოზიტიური ცვლილებებისთვის.

  • ამგვარი საბალეტო აქტივიზმის მაგალითები არც ისე ბევრია…

პროფესიული, ფორმალური ბალეტის პირველი ფორმები ლუი XIV-მ  შექმნა და იგი  ძალაუფლებისა და მისი სიმდიდრის წარმოსაჩენად, პროპაგანდის იარაღად გამოიყენა. დღეს-დღეობით ცეკვა უბრუნდება ხალხს და მათი პრობლემების თუ ტკივილის მშვიდობიანი გზით გამოხატვას ემსახურება. ამგვარი, მაგრამ ცოტა განსხვავებული ფოკუსის დასის ანალოგი არის მხოლოდ ერთი. ეს არის ნიუ იორკული  კომპანია „გიბნი დანსი“. სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს და ყველაფერს ამ ზაფხულში დაავაანონსებთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ცეკვას ვაგრძელებთ და ისეთ ღონისძიებებს  ვგეგმავთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაერთ ადამიანს  სიკეთის კეთებასა და პოზიტიური ცვლილებისთვის ქმედებას შთააგონებს.

***

ეშლი მაკქუინმა „სმეშვორკი“ 2015-ში დაარსა და ამისთვის საცხოვრებლად ალაბამიდან ნიუ იორკში გადმოვიდა. იგი 18 წელია საბალეტო სცენაზე ცეკვავს და განსაკუთრებით უყვარს თანამედროვე  ექსპერიმენტალური ქორეოგრაფია და დადგმები. თავად ამბობს, რომ თავისი ქორეოგრაფიული სტილი „სმეშვორკის“ საშუალებით შექმნა და მას პოლიტიკური აქტივიზმი დაამატა. იგი ათზე მეტი ფესტივალისა და ხუთი ორიგინალური ნამუშევრის ავტორია, რომელიც ლოკაციისთვის სპეციფიურ  პროექტებს დგამს როგორც ნიუ იორკში, ასევე  მთელ ამერიკაში. მაგალითად, ერთხელ მას შეუკვეთეს დადგმა გაზონსაკრეჭი ძრავებისთვის სანტ ლუისის „ლუმიერ სკულპტურული პარკისთვის“, ასევე სრულმეტრაჟიანი დადგმა სახელწოდებით “გაჟღენთილი”, რომელიც საშხურებლიან  დიდ ავზში „გათამაშდა“.

ეშლი მაკქუინი.რეიჩელ ნევილის ფოტო

„ჩვენი ახალი ნამუშევრი – “გოგონები თავისუფლად მოძრაობენ” – პოლიტიკური სატირაა ორიგინალური ვიდეოპროექციებითა და ხმოვანი ფონით“, –  მიყვება ეშლი, –  „მას მერე რაც კოლეჯი დავამთავრე, სენტ ლუისში რეჟისორ – ქორეოგრაფად მიმიწვიეს არასამთავრობო ორაგიზაციაში ANNONYArt და ამას გარდა ჩემი დადგმისთვის ქალაქში მოცკვავები უნდა მეპოვნა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად მექნებოდა ჩემი საკუთარი საბალეტო კომპანია და სწორედ ასე დაიბადა „სმეშიც“. ეს კომპანია არის მოცეკვავეების თემი და დაცული სივრცე იმისთვის, რომ გამოიკვლიო, შექმნა და ისაუბრო იმ რთულ საკითხზე, რომელიც ჩვენ ცხოვრებასა და ჩვენ გარშემო სამყაროზე გავლენას ახდენს. „სმეშვორკის“ მისია იმაშია, რომ ცეკვა და  პოლიტიკური გზავნილი  შევაერთოთ. ჩვენი სამუშაოს მიზანია ვთქვათ რაღაც, რაც უნდა ითქვას.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცეკვას საზოგადოებზე?

ჩემი შთაგონებაა სამყარო ჩემ გარშემო, ჩემი, როგორც ამერიკელი თეთრკანიანი ქალის „ლინზები“. შთამაგონებს ჩემივე ვნება ცვლილებებისკენ. დამუხტული ვარ ცეკვის სამყაროთი, რომელიც განსაკუთრებულია, ხანდახან არის სექსისტური და დამამცირებელი. მე მინდა შევქმნა ცეკვის ახალი თემი, რომელისთვისაც მიუღებელია იერარქიის ტრადიციული იდეები და ობიექტივაციები. მე მინდა შევცვალო, როგორც მოცეკვავემ და შევცალო სამყაროს დამოკიდუბუბულება ცეკვისადმი, როგორც ღირებულებისადმი. იმედი მაქვს, რომ ცეკვა  ადამიანებში  სამყაროს ხედვას ცვლის და იმის სურვილსაც ასტიმულირებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა რომ ადამიანებს მოვუწოდოთ შეძლონ თავიანთი „წარმოსახვის დეკოლონიზაცია“ (ბელ ჰუკსის ციტატა).

„გოგონები მოძრაობენ თავისუფლად”. ია მერკვილაძის ფოტო

  • ცეკვისა და ადამიანის უფლებების შეერთებამ თავად თქვენ როგორ შეგცვალათ?

„სმეშვორკმა” გაამყარა ჩემი შეხედულებები და ღირებულებები. მე ვიცი, თუ როგორი სიცხადით მინდა დავინახო სამყარო და მინდა ასევე ცეკვის თემი განვავითარო. ჩემი კომპანია ჩემი საქმის სიყვარულის მდგომაროებაში მამყოფებს და ამავე დროს მასწავლის ჩემი ქორეოგრაფიული ვნების ერთგული დავრჩე. „სმეშმა“ მასწავლა, რომ ჩვენი, როგორც ხელოვანებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების, მუშაობა არასოდეს დასრულდება.

  • სხეული პოლიტიკურ ფენომენია. ფიქრობთ რომ ცეკვა სწორედ რომ პოლიტიკური აქტია და რატომ?

ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა პოლიტიკური აქტია. არა აქვს მნიშვნელობა არსებობს თუ არა  ამისთვის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კონტექსტი. სხეული, რომელიც სივრცეში მარტო მოძრაობს, არის პოლიტიკური გზავნილი და არსებული რეალობიდან მისი განცალკავება შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საცეკვაო პლატფორმის არსებობა და საკუთარი სხეულით იმის თქმა, რასაც გრძნობ, ჩვენი პრივილეგიაა: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება იმაზე სასაუბროდ, რაც უფრო დიდი და მეტყველია, ვიდრე ჩვენ.