ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

Fucking Sexist Putinism და „ჩვენ ვარსებობთ!“

Fucking Sexist Putinism  და  „ჩვენ ვარსებობთ!“

  

Pussy Riot -ის სასამართლო პროცესი
Pussy Riot -ის სასამართლო პროცესი

 16.08.12

ვიკითხე თუ არა, სადაა სასტუმროს „თავისუფლების დარბაზი“, სადაც სამი „მკრეხელი“ რუსი ქალის ადვოკატების, საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International–ის,  ვებ–პორტალის freepussyriot.org  შემქნელებისა და სხვა გულშემატკივრების ორგანიზებით  ნიუ იორკში Pussy Riot -ის  მხარდამჭერი ღონისძიება ტარდებოდა,  Ace Hotel–ის თანამშრომელმა მაშინვე ჩუმად მომიგო, მომყევიო და სასწრაფოდ წინ გამიძღვა. მბჟუტავი სინათლით განათებული კიბეები შენობის მიწისქვეშა ნაწილში ორივემ სწრაფად ჩავირბინეთ, ღია კარიდან კი უკვე მესმოდა ხმამაღალი და მკვეთრი შეძახილი:   Fucking Sexist Putinism! Fucking Sexist Putinism! Fucking Sexist Putinism!… კართან დაცვა დამხვდა, მაღალი, ახალგაზრდა აფრო–ამერიკელი ყმაწვილი, რომელმაც შესასვლელი ბილეთის მაგივრად მაჯაზე პატარა წითელი ვარსკვლავის ფორმის ნიშანი დამინიშნა, რომელსაც ოდნავ შეცბუნებული დავაშტერდი, მაგიდაზე დადებულ  ბუკლეტებზე სათაურით „თავისუფლება Pussy Riot”–ს გამომსვლელთა სიითურთ მიმითითა და შემიშვა იქ, სადაც  ნიუ იორკელ და არა მარტო ნიუ იორკელ „ქალთა ანდერგრაუნდის“ წარმომადგენლები შორეული რუსეთის სამი მოქალაქის– ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვას, მარინა ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩის ლექსებს, მიმართვებს, სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვებსა და რეპლიკებს ინგლისურად კითხულობდა. დაახლოებით ორწუთიანი პანკ – ლოცვით მლოცველებს, რომლებიც უკვე 5 თვეზე მეტია ციხეში სხედან,  7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ (ბოლოს რუსული მართლმსაჯულება 2 წელზე შეჯერდა)… რელიგიური სიძულვილის გაღვივებისთვის. არადა მთელი ამ აქციის არსი  ღვთისმშობლისთვის სწორედაც რომ ანტისიძულვილის შეთხოვნა იყო… მხატვრულ – პოლიტიკური პროტესტი სახელმწიფომ და ეკლესიამ ანტიღვთიურ გამოხტომად მონათლა და, ასე და ამგვარად, ცივილიზაციის ეს ორი მონაპოვარი – ინსტიტუცია ერთმანეთს ურთიერთსიყვარულის ექსტაზში შეერწყა.


ჩემს ლამის ინსტინქტამდე დაყვანილ „მავნე“ ჩვევას ვერაფრით გადავეჩვიე. რაიმე თავყრილობისას აუცილებლად უნდა შევნიშნო ქალებისა და მამაკაცების რაოდენობითი შეფარდება და არიან თუ არა გარშემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი.  დარბაზში მყოფ 100–150 მსმენელთაგან მხოლოდ ოცამდე მამაკაცი იყო. ზუსტად ჩემ მარცხნივ, ელექტროეტლზე, ფაქტორბივად, კიდურების მინიმუმამდე განლეული კუნთოვანი ქსოვილის მქონე, უხელ–უფეხო, ლამაზად დაწნულნაწნავიანი გოგონა იჯდა…  მარჯვნივ – ფეხის მთელ სიგრძეზე შავი ფერის ფიქსატორიანი ახალგაზრდა ქალი. სხვა დროს შანსი იმისა, რომ ჰიფსტერებისა და ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფების შეკრების ტრადიციულ ალაგს, „კრეატიული კლასის“  სასტუმროდ ცნობილ შენობაში პათეტიკურ–მხატვრული კითხვის წესების დაცვით მოდეკლარირე ცნობილი ამერიკელები: მსახიობი ქლოე სევინი,  პოეტი და ლგბტ აქტივისტი ელინ მაილსი, მომღერალი–ტრანსგენდერი ჯასტინ ვივიენ ბონდი, სკანდალურად ცნობილი პერფორმატორი კარენ ფინლი, მწერალი და მუსიკოსი ჯოანა ფეიტმენი (იგი, Pussy Riot -ის ფერების ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ოღონდ „ბალაკლავა“ არ ეხურა) ერთად მენახა,  პრაქტიკულად, ნულს უტოლდებოდა… ამჯერად „ბოგოროდიცას“ პუტინის გაგდებას ისინი ერთად სთხოვდნენ.  ამერიკელებს რუსული სახელ–გვარების გამოთქმა უჭირდათ, განსაკუთრებით – „დმიტრი ანატოლიევიჩის“… სამაგიეროდ კარგად გამოსდიოდათ „კირილ გუნდიაევი“ და „ვლადიმირ ვლადიმეროვიჩი“.  ერთი – ერთი  გამომსვლელი კი „ფუსიორაიოტელის“ ლექსს  ინგლისურ ენაზე ავტომატის ჯერივით ხმამაღლა, მიჯრით, წნევიანად მარცვლავდა …

„კრემლისკენ მიდის აჯანყებული კოლონა

ფეესბეს კაბინეტებში ფანჯრები ფეთქდება.

კახპები ფსამენ წითელი კედლების იქით

რაიოტი სისტემას აბორტს უცხადებს!

იერიში გამთენიისას? არა ვარ წინააღმდეგი.

თქვენი და ჩემი თავისუფლებისთვის მათრახით დასჯა.

მადონა დიდებისას  ჩხუბს გასწვალით.

ფემინისტი მაგდალინელი დემოსნტრაციაზე წავიდა.

ჯანყი რუსეთში – პროტესტის ქარიზმა

ჯანყი რუსეთში– პუტინმა ჩაიფსა

ჯანყი რუსეთში – ჩვენ ვარსებობთ!

ჯანყი რუსეთში – რაიოტ, რაიოტ!

უკმაყოფილება მამაკაცის ისტერიის კულტით

ველური ბელადობა ტვინს ჭამს

ხისტი პენისის მართლმადიდებელი რელიგია

პაციენტებს კონფორმიზმის მიღებას სთავაზობენ…

….

რეჟიმი სიზმრების ცენზურისკენ მიდის

მოვიდა დრო ძირგამომთხრელი დაპირისპირების

სექსისტური რეჟიმის კახპების გუნდი

ფემინისტურ სოლს პატიებას სთხოვს.

                                                                                      ***

ლევ ტოლსტოი ჯოჯოხეთში – კურსკის გუბერნიის სოფელ ტაზოვას ეკლესიის კედლის მოხატულობის ფრაგმენტი. 1883წ
ლევ ტოლსტოი ჯოჯოხეთში – კურსკის გუბერნიის სოფელ ტაზოვას ეკლესიის კედლის მოხატულობის ფრაგმენტი. 1883წ

დარბაზში განათების მაგივრად ჩამწერის დინამიკებზე პატარა ანთებული სანთელები იდო,  იატაკზე კი  – მიმოფანტული  ფურცლები სიტყვებით „ხელოვნება თავისუფლებაა“ და თეთრ ქაღალდზე დახატული ის შავი „ბალაკლავები“, რომელიც Pussy Riot-ის მხარდამჭერი კამპანიის მეორე საპროტესტო დღეს  თუ ქუჩის აქციის მონაწილეები ფერად  ბალაკლავებს  არ დავიხურავდით, სახესთან მიტანილი უნდა დაგვეჭირა და …კიდევ  ბერდიაევის ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი სიტყვები ღვთის მონებზე, ღვთის შვილებსა და  თავისუფლებაზე… „ჩვენ მესიები არა ვართ, მაგრამ იქნებ Pussy Riot-ი კაცობრიობის სულიერი ისტორიის ახალი დროის ნიშანია“ – უთქვამს ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვას.  გავიფიქრე, „ბიტლების“ ცნობილ ფრაზას  სულაც არ წააგავს – მეთქი… ჰოდა, ვიჯექი და ჩემსას ვფიქრობდი…


კრის ოფილის „წმინდა ქალწული მარია“, წმინდა პატრიკის ეკლესია

                                                          და ლევ  ტოლსტოი


როცა 12 წლის წინ ბრუკლინის მუზეუმმა ინგლისელი  მხატვრის კრის ოფილის „ტილო“  „წმინდა ქალწული მარია“ გამოფინა, რომელზეც შავკანიანი ქალის გაშარჟებული ნახატი  სპილოს  განავლითა და პორნოგრაფიული ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოებით იყო „მოკაზმული“, მუზეუმის ეზოში მყისვე კლერიკალებისა და სეკულარისტების  დემონსტრაციები გაიმართა. ნიუ იორკის მაშინდელმა მერმა რ.ჯულიანიმ მუზეუმს განუცხადა, რომ ფინანსურად არ დაეხმარებოდა, თუ კურატორი ამ ნახატს კედლიდან არ ჩამოხსნიდა. პასუხად მუზეუმის დირექტორატმა  მშობლიური ქალაქის მერს სასამართლოში უჩივლა, რადგანაც ამგვარი წინადადება მუზეუმის კულტურულ პოლიტიკაზე ზეწოლად განიხილა, მით უმეტეს, როცა მარეგულრიებელი კანონით ეს სახელოვნებო დაწესებულება ქალაქის ადმინიტრაციის ბალანსზე არ ირიცხებოდა…


ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე წმინდა პატრიკის ეკლესია (1879წ.) დგას,  სადაც 10 წლის წინათ ერთი  სექსუალური  ხასიათის ხულიგნობის სცენა გათამაშდა… საქმე იმაშია, რომ რადიო WNEW–ის ერთ–ერთი შოუს ეპატაჟისტმა წამყვანებმა მსმენელებს რომელიმე საჯარო ალაგს სექსით დაკავება შესთავაზეს. ჰოდა, გამოჩნდა კიდეც მოხალისე წყვილი, რომელმაც ამ „კამასუტრული ხულიგნობის“ ჩადენა სწორედ რომ  წმინდა პატრიკის ტაძარში გადაწვიტა. პოლიციამ, ბუნებრივია, საზწესრიგის ამგვარი ხერხით დამრღვევნი დააკავა და  ზედ ის კორესპონდენტიც მიაყოლა, რომელიც მასალას  მოქმედების ადგილიდან რადიოს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ამ რეპორტაჟს კი 13 სხვა რადიო რეტრანსლირებდა. „ნიუ იორკის კათოლიკური ლიგა“ უკიდურესად აღშფოთდა, რის შედეგადაც რადიოსადგურები იძულებული იყო, ჯარიმები გადაეხადა, შოუ კი დაიხურა. ციხეში არავინ წასულა: ქალმა აღიარა „დანაშაული“ და მას რამდენიმე დღე საზოგოდოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება დაევალა; მამაკაცმა კი არაფერიც არ აღიარა, განაცხადა, ვნებას ვიმიტირებდი, სასირცხვილო არაფერი ჩამიდენიაო…   ერთი წლის თავზე კი გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემი სუბიექტური აზრით, ურიგო არ იქნებოდა, ამ ორს თავისი სექსუალური ენერგია ვიეტნამის ომის გაპროტესტებისას, ჯონ ლენონივითა და იოკო ონოს საწოლში ჯდომის აქციის მსგავსად,  ლიბიდოს საჯაროდ დაკმაყოფილების გარეშე (თუ დაკმაყოფილების თანხლებით) რაიმე სასარგებლო საქმეზე დაეხარჯა. მაგალითად,  მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ანდა ფლორა–ფაუნის გადასარჩენად. თუმცა  აშშ–ის კონსტიტუციის პირველი შესწორება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“  შესახებ ყველა ინდივიდს თავისებურად ესმის და კანონის ფარგლებში სრული უფლება აქვს,  თავისი შეხედულებისამებრ  გამოიყენოს.


IXX-XX საუკუნეების მიჯნაზე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის „მრაკობესიესა“  და შავრაზმული ობსკურანტიზმის ერთ–ერთი ძლიერი და მთავარი მამხილებელი  ლევ ტოლსტოი გახლდათ, რომელიც რომანის „აღდგომა“ შემდეგ სინოდმა ეკლესიის წიაღიდან ოფიციალური დადგენილებით განდევნა (დღევანდელ საქართველოში საეკლესიო კორუფციის მხილებისთვის დედაეკლესიისგან განკვეთის მაგალითის ძებნას დიდი დრო არ სჭირდება). ტოლსტოისადმი დამოკიდებულებამ მაშინდელი საზოგადოება ორად გაყო: საეკლესიო იერარქმა იოანე კრონშტადტელმა მწერალი ლამის ანათემას გადასცა; მწერალი დმიტრი მერეჟკოვსკი კი ტოლსტოის შეხედულებებს არ იზიარებდა, თუმცა სინოდის გადაწყვეტილების გამო აღშფოთებას არ მალავდა… ამავე დროს რუსეთის სხადასხვა კუთხეებიდან და უცხოეთიდანაც მწერლის მისამართით გულშემატკივართა წერილებისა და დეპეშების ნაკადი წამოვიდა. ის კი არა,  მისი მხარდამჭერი დემონსტრაციაც კი გაიმართა, რომელიც მეფის „ოხრანკამ“ დაარბია, თუმცა მაშინდელ მეფეებს ურჩი მართლმადიდებლის ციხეში ჩასმა არც კი მოფიქრებიათ. სამწუხაროდ, რუსეთის საუკუნეების წინანდელი სოციალურ–პოლიტიკური სიტუაცია, რომელმაც ჩვენს ეკლესიაზე უშუალო გავლენა იქონია, დღევანდელისას ძალიან ჰგავს. ასი წლის წინათ საერო–საეკლესიო საზოგადობას ისევე ადარდებდა კატიუშა მასლოვას ბედი და სულის მდგომარეობა, როგორც დღევანდელ პუტინისტურს –  პანკ–ლოცვის შემსრულებლების მცირეწლოვანი შვილები; როგორც წარსულში „კალბასის“ პარტიის“, ახლა კი „ჯიპის პარტიის“ წევრ „კეთილ სამარიტიელ“ ქართველ მამაოებსა და საერო ბომონდს ეკლესიის თუ სუპერმარკეტის  წინ მოწყალების მოდარაჯე, ტილდასეული მაწანწალა ბავშვების  თუ   სისუსტისგან გულშეღონებული  მოხუცების კვების რაციონი…

                    

17.08.12

წმინდა მარიამის ქამრის  მნახველთა რიგი ქრისტე მხსნელის ტაძართან. მოსკოვი, 2011
წმინდა მარიამის ქამრის მნახველთა რიგი ქრისტე მხსნელის ტაძართან. მოსკოვი, 2011

როგორც წინა დღეს Ace Hotel–ში შევთანხმდით, დილის 9 საათზე რამდენიმე ათეული ადამიანი მანჰეტენზე მდებარე მოსკოვის  საპატრიარქოს  მფლობელობაში მყოფ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან შევიკრიბეთ, რომელიც პარასკევს დაკეტილი იყო;  გავშალეთ ტრასპარანტები „ყველა ჩვენ ხულიგნები ვართ!“ და „თავისუფლება  Pussy Riot!”-ს; მერე გავემართეთ მდიდრების გამზირზე, ანუ მეხუთე ავენიუზე მდებარე რუსეთის გენსაკონსულოსკენ (პოლიციამ შუა ქუჩაში მიმავალი რამდენიმე ხმაურიანი პროტესტანტი „ხელს გააყოლა“), რომლის შესასვლელთანაც, როგორც წესი, ჩვენი დიდი „ჩრდილოეთელის“ დიპკორპუსისა და აქციის მონაწილეთა შეუმდგარი კომუნიკაცია „შედგა“, ხოლო 16 500 – ზე მეტი ხელმოწერის დასტები საკონსულოს კიბეებთან  ფურცელაფრიალებული დარჩა, რადგანაც  საკონსულოს თანამშრომლებმა ამ ქაღალდებთან  შეხებაც კი არ მოინდომეს. ფოსტით გამოგვიგზავნეთო. აბა, სად „ქალწულ მარიამის ქამრის“ მადლი და სად სოლიდარობის „პროკლამაციები“ … მე კი  გუშინდელს მერე აზრობრივად უკვე სხვაგან ვიყავი – 2008 წლის აგვისტო, სამოქალაქო ომები, უახლოესი წარსული და აწმყო  … და თანაც კოლონას, ჩემი აზრით, სულ სხვა ინტერესების მქონდე ადამიანები შეუერთდნენ. ამიტომ მსვლელობას  „თაიმს სკვერისკენ“ აღარც გავყევი.  ვგრძნობდი, რომ უკვე მარტო რუსულ ინკვიზიაცის კი არა, არამედ შინაგანად სულ სხვა რამეს ვაპროტესტებდი და ორთქლს ვუშვებდი. ქართული „ჩვეულებრივი“ ტყუილის, ფარისევლობის, უსამართლობისა და უხეში თუ რაფინირებული ძალადობის დაუსრულებელ ისტორიას, რომელიც, პირადად ჩემდა სამწუხაროდ, ამსიშორიდან  ზღვრულად მკაფიო კონტურებს იძენს.


Pussy Riot-ის ამბებს კი „თავისუფლების დაბრაზის“  სოციალურ ღიმილიანი დარაჯის მიერ ჩემს მარჯვენა ხელზე  შემორჩენილი ძალიან გაფერმკრთალებული წითელი ვარსკვლავი  მაგონებდა. გუშინ, პერფორმანსის დასრულების შემდეგ, ამ ყმაწვილს ვკითხე –  რუსი ქალების ამ „ქეისს“ როგორ აფასებთ–მეთქი. გაეღიმა,  მითხრა, მხოლოდ ის ვიცი, რომ უსამართლოდ დაუჭერიათ, აბა, კაგებე რას იზამდაო,  მადონა მათ მხარს უჭერსო, მაგრამ მეტი, მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს,  ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვსო…ჰოდა, ჩემთვის ვფიქრობდი: ეს ყმაწვილი ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს „საბჭოური“ სიმბოლიკა ჩემთვის, ჩემი წინაპრებისთვის, ჩემი თაობისთვის და რატომ მაქვს ამ პატარა ვარსკვლავზე ჩუმი „არაადეკვატური“ რეაქცია; მან არ იცის, რომ ქართული  და რუსული (და არა მარტო) მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოეთის არსებობის დროს კაგებეს ყველაზე ერთგული მეკავშირე და ინფორმატორი იყო და აგერ უკვე სსრკ–ის დაშლიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არასოდეს მოუნანიებია ეს „წმინდა“ ალიანსი; არასოდეს უღიარებია, რომ  რაიკომის მდივნების ასლი პარტიული თუ „ბლატნოი“ მღვდლები წითელ ტერორს „ყურსა და თვალს იქით ატარებდნენ“; ამ ყმაწვილმა  არ იცის, რომ „ღვთის მოწამე“ ეკლესია მორჩილი მრევლის აღსარება – მონანიების პარალელურად „უანგარო“, მატერიალურ „შეწირულობებს“ გულუხვად იღებს, რათა სამოთხის ინდულგენციები დაარიგოს… ალბათ, ღვთიური სასწაულის მოსვლის დასაჩქარებლად. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ არც არასოდეს მოინანიებს, რადგანაც  ისეთი „ტერმინები“ , როგორიცაა  „სათნოება“ და „სიყვარული“ , მას მხოლოდ ფორმალური „საგარეო პოლიტიკისთვის“ და „აგიტპროპისთვის“ სჭირდება, ისევე როგორც დონ ჟუანს ანდა კარმენს სიყვარულზე თქმული „გულის დამთუთქავი“, გაცვეთილი,  მექანიკური, ყოველივე აზრს მოკლებული სადღეგრძელოები; არ იცის, რომ რუსული ეკლესია თავის მეფედ პუტინიზმს აღიარებს და ბესლანის ტრაგედიის ავტორს ხელზე კოცნის; ხოლო როცა პოლონეთის ეკლესიასთან შერიგებისა და ურთიერთშემწყნარებლობის „მემორამდუმს“ აფორმებს, ამავე დროს სრულიად  უწყინარი პერფორმანსის შემსრულებელ სამ ადამიანს  არ შეიწყნარებს და ციხეში ორი წლით   კრიმინალების სტატუსით უშვებს… რომის პაპი კი რუსულ–პოლონური ეკლესიის „კეთილ ნებას“ მიესალმება, მაგრამ გინდიაევს ქალების გათავისუფლებისკენ არ მოუწოდებს; ამ ყმაწვილმა არ იცის, რომ შარშან  სამი მილიონი რუსი ორთოდოქსი კერპთაყვანისმეცმლური მოწიწებით ელოდა ღვთისმშობლის „საქალწულე ქამართან“ (მითის მიხედვით იგი მარიამმა აქლემის ბეწვისგან თავად გააკეთა) შეხებას, რომელიც ბერძენმა არქიმანდრიტმა  ეფრემმა ვატოპედის მონასტრიდან  ჩამოიტანა.  ეტყობა, რუსი დებისა და ძმების რწმენის გასაძლიერებლად და სულების გადასარჩენად, არადა ეს კაცი საბერძნეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მაქინაციების გამო დააპატიმრეს, თუმცა ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული საბერძნეთის პრეზიდენტისადმი სრულიად რუსეთის პატრიარქისა და ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ოფიციალური თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. ასევე ოპერატიულად. ოღონდ თავდებით. როგორც ჩანს, კაგებეს „ღვთიური ხმის“ საბერძნეთშიც ეშინიათ, რამეთუ „შიში შეიქმს სიყვარულსა“ (და „პოლიტკორექტულ“ მეგობრობასაც)… განა, ასე არ გვასწავლეს? ქამრის ფორმის  ეს „წმინდა პორნოგრაფია“  რუსეთის ქალაქებიდან ქალაქებში მოგზაურობდა და მასთან, რიგში დგომის გარეშე, შესახებად VIP ბილეთებიც კი იყიდებოდა სწორედ იმ ტაძარში (ქრისტე მხსნელის), რომელშიც,  სანამ Pussy Riot თავის „პანკ ლოცვას“ წაიკითხავდა, ორი წლით ადრე თეთრთავსაფრიანი და არა „ბალაკლავიანი“,  არამედ აფრიალებული, ყავისფერკაბებიანი გოგონები ლამის კანკანს ცეკვავდნენ და ვერ გაიგებდი, მართლმადიდებლური „მულენ რუჟის“ კიჩურ სცენაზე ანაფორიანი იერარქები რატომ სხედან, თავადაც ხომ არ უნდა აცეკვდნენ,  არადა, რამდენადაც ვიცი, მაყურებლის ადგილი ხომ პარტერსა და იარუსზეა…

დარწუნებული ვარ, პანკებს  „ბოგოროდიცა მაკქეინა ანდა ნავალნოგო პროგონი“ ანდა „ნა ხუდოი კანეც“ თუნდაც „მიშუ პროგონი“ ემღერათ,  იქნებ ანდრია პირველწოდებულის თუ რაიმე სხვა ორდენისთვისაც გამოეკრათ ხელი. პოლიტიკა, გინდ საეკლესიო, გინდ მემარცხენულ–მემარჯვენულ–კონსერვატორულ–ლიბერალური და ა.შ. ხომ ფშუტე ფლუგერივითაა, საითკენაც ქარი–სიო–ნიავი დაუბერავს, იქითკენ იზამს პირს… მთავარია, თავის თუ არა, ზურგის ტვინით გრძნობდე ამ „წმინდა“ კი არა, „უწმინდეს“  კონიუნქტურას თავისი ფოტოგენურ–ვალუტაგენური „არაშარიკოვული“ ელიტითა და განტევების ვაცობის კანდიდატებით;  გძრნობდე მომენტს, როდის შეაქციო ზურგი, როგორც ამბობენ, გაემიჯნო  „მარჩენალ ძროხა – მამას“, რომლის ჯიქანმა რძის მარაგი ამოწურა და ახლა „ნარაიამას მთიდან“  პანჩურის, უკაცრავად, ფეხისკვრის ღირსია, რათა ცხოვრებაში ხელ– ფეხი არ/აღარ შეგიშალოს; შენი „ნონკონფორმისტული“ ვარსკვლავური საათი იგრძნო და „თქვე კონფორმისტებო!“ უძახო იმათ, ვისი ალი–კვალი–ტყუპისცალი და იგივე ცომისგან  მოზელილი ხარ, თან დარწმუნებული იყო, რომ გარშემო ყველას ტოტალური ამნეზია, განუკურნებელი სიბრმავე–სიყრუე სჭირს. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ უბრალოდ „გაგიმართლა“ და „ზემოდან“ ლავირებისა და მანიპულირების უფრო მეტი ნიჭი დაგაბერტყეს. შესაბამისად, უფრო შანსიანი ხარ, ვიდრე ამ „დიპლომატიური ნიჭის“ უქონელნი, რომლებსაც  ვინმესთან „ჩასასტავება“ არც კი უცდიათ კი არა, აზრადაც არ მოსვლიათ…


ამიტომაც ამ ფსევდოღირებულებებით შეკაზმული მორალ–„სულიერობის“ მქადაგებლებს უსულო, ფერადი ნაჭრის „ბალაკლავები“ და ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვას  მუშტიან–წარწერიანი  „No Pasaran!“  ლურჯი მაისური მირჩევნია… რადგან არა აქვს მნიშვნელობა– ვინ, რა ან „ვისი გორისა“ ხარ, რა სოციალური სტატუსი თუ ქონებრივი ცენზი „გიჭირავს“, რამდენი წიგნი წაგიკითხავს– დაგიწერია – გამოგიცია და ა.შ.  არამედ იმას, თუ რაზე და როგორ რეაგირებ.

           ნო პასარან, გოგონებო!

ჯოანა ფეიტმენი, Ace Hotel-ში Pussy Riot ის მხარდამჭერ ტექსტს კითხულობს
ჯოანა ფეიტმენი, Ace Hotel-ში Pussy Riot ის მხარდამჭერ ტექსტს კითხულობს