ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„კულტურული იდენტობების მიღმა” – ქართველი არტისტები ჰადსონის მეორე ნაპირზე

„კულტურული იდენტობების მიღმა” – ქართველი არტისტები ჰადსონის მეორე ნაპირზე

ნიუ იორკში ცხოვრების თითქმის 14 წლის განმავლობაში, ქართველი მხატვრების გამოფენები სად არ მინახავს… პირველი და უფრო მაღალი, ფანჯრებიანი თუ შეუმინავი სართულების გალერეებსა და “ბეისმენტშიც”, მაგრამ არასდროს – ისეთ ტერიტორიაზე, საიდანაც წყლის განაპირა ნიუ იორკი ისე ჩანს, როგორც ხელის გულზე… და თითქოს თავადაცაა ექსპონატიცა და დამთვალიერებელიც. და თუ ღამის, შემოდგომის, აცივებული დიდი ვაშლის ქალაქი გიყვართ, თვალისთვის ცათამბჯენების შუქის პატარა და დიდწერტილებიანი “წყლის დასალევად” ჰადსონის მეორე ნაპირზე, ნიუ ჯერსის მხრიდან კარგად შერჩეული მაღალსართულიანი ბუდე ყველაზე მოსახერხებელი ადგილია. სწორედ ასეთ ადგილზე, ნიუ ჯერსის ქალაქ ვესტ ნიუ იორკში, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო, მე–13 სართულზე, ჯერ დაუსახლებელ, თითქმის ყველა მხრიდან შემინულ პენტჰაუსში გაიმართა გამოფენა (კურატორი ნინო მაჭარაშვილი) სახელწოდებით “კულტურული იდენტობების მიღმა” რომელზეც 11 არტისტის ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის, ხუთი – ქართველის.

ხელოვნებათმცოდნე ნინო მაჭარაშვილი FLAG Art Group-ის (2019) დირექტორი და კურატორია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან საცხოვრებლად ნიუ ჯერსის შტატში გადმოვიდა. 2018–19 წლებში ნინო მაჭარაშვილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კურატორი იყო, მანამდე კი თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat-ში მუშაობდა, რომლის ეგიდითაც 50–მდე სოლო და ჯგუფური გამოფენის ორგანიზატორი იყო გალერეის საგამოფენო სივრცეში, მოძრავ გალერეაში, მუზეუმებსა და საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე. მან თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები ისეთ არტბაზრობებზე წარადგინა, როგორებიცაა: Contemporary Istanbul – სტამბულში; Art Dubai – დუბაიში; Kyiv Art Week – კიევში და Art Vilnius – ვილნიუსში. ნინო მაჭარაშვილი არის სახელოვნებო რეზიდენციის ,,არქეიდი“ დამფუძნებელი. 2017 წელს მისი კურატორობით მოეწყო “არქეიდის” პირველი გამოფენა სოფელ ობჩაში, მიტოვებული ღვინის ქარხნის შენობაში. გამოფენას “ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა”  ყველაზე კრეატიული პროექტის ნომინაციაში ჯილდო გადასცა. ნინო მაჭარაშვილის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი გახლდათ კურატორ ჯერემი გეილსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროქტი Shots Across the Plane (“კადრები თვითმფრინავის გადაღმა”), რომელიც თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2018 წლის მაისში გაიმართა. ვიდეონამუშევრების გამოფენა ისეთ ცნობილ ხელოვანებს აერთიანებდა, როგორებიც არიან: პიპილოტი რისტი, ჰიტო შტეიერლი, ჯანეტ ბიგსი, თამარა კ.ე., დანა სედეროვსკი და თამარ ჩადუნელი.

“– ნიუ ჯერსიში დაფუძნებული FLAG Art Group ახალი ინოვაციური ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და არტისტების მხარდამჭერ კრეატიულ მარკეტინგულ გაერთიანებას“ – მიყვება ნინო მაჭარაშვილი, “–  FLAG-ის ონლაინ გალერეა სახელოვნებო პლატფორმა Artsy.net – ზეა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნასთან ერთად FLAG-ის პირველი კატალოგის პრეზენტაციაც შედგა. ინგლისურენოვანი ალბომი 20–მდე თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებასა და არტპროფესიონალების მიერ თანამედროვე ხელოვნების თემაზე დაწერილ სტატიებსაც აერთიანებს. მაგალითად, ქართველი კურატორის, მარიამ ოთხმეზური–ჩარლტონის სტატია მხატვარ ლევან მინდიაშვილზე და ასევე Project ArtBeat- ის დამფუძნებლების ნათია ბუკიასა და სალომე ვახანიას საუბარი.

ნინო მაჭარაშვილი ლეილა შელიას ნამუშევართან

გალერეის დებიუტი თანამედროვე ხელოვნების სცენაზე განსხვავებული კონცეფციის გამოფენით “კულტურული იდენტობების მიღმა” შედგა. ექსპოზიციამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თანამედროვე ხელოვანი გააერთიანა, განთავსების ადგილად კი შეირჩა არა ტრადიციული არტსივცრე, არამედ – საცხოვრებელი ადგილი, ორიგინალური კომპლექსი სახელად Nine on the Hudson (ცხრა ჰადსონზე). ღონისძიება მსოფლიო კულინარიული ხელოვნების, ღვინის კოლექციებისა და მუსიკალური მრავალფეროვნების ფონზე წარიმართა. ჟღერდა კლასიკური მუსიკა, ჯაზი და ბოსა ნოვა.

  • როგორ შეირჩნენ გამოფენის  მონაწილეები?

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი 2019-ის ზაფხულში გამოცხადდა და მიღებული 100–მდე აპლიკაციიდან კატალოგისთვის 18 თანამედროვე ხელოვანი შეირჩა, ხოლო გამოფენისთვის – 11. მათ შორის, ქართველებიც. სამი მათგანი: ლევან მინდიაშვილ, ხატია ესართია, და ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწეობენ, ლეილა შელია – თბილისში და კონსტანტინე მინდაძე – კი თბილისსა და ამსტერდამში. შელიასა და მინდაძის ნამუშევრები ავტორების  გარეშე გამოიფინა. ოთხთან პირადად მე მრავალწლიანი თანამშრომლობა და საინტერესო პროექტები მაკავშირებს. 2019 წელს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  ლეილა შელიას ნამუშევრების სოლო გამოფენა მოვაწყვეთ. ფოჩხუასთან, მინდიაშვილსა და მინდაძესთან კი Project ArtBeat-ში მუშაობის პერიოდში ვთანამშრომლობდი. მათი ნამუშევრები გამოვფინეთ, როგორც თბილისში, ასევე ნიუ იორკში, დუბაისა და სტამბულში. ხატია ესართია ნიუ იორკში გავიცანი და მისმა შემოქმედებამ ძალიან დამაინტერესა. ვფიქრობ, ეს გამოფენა წარმატებული პროექტი იქნება, როგორც არტისტებისთვის, ასევე – გალერეისთვის.  მინდა ისიც აღვნიშნო, რომ Project ArtBeat-ში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება FLAG-ის გალერეის მართვაში ძალიან დამეხმარა.

ლადო ფოჩხუას Enigma of D.G.

ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი

ხატია ესართიას ნამუშევარი

  • როგორ დაახასიათებთ გამოფენის კონცეფციას? ერთ სივრცეში რა პრინციპით განლაგდნენ  ნამუშევრები?

გამოფენაზე მულტიკულტურული წარმოშობის არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენის კონცეფცია 11 არტისტის უნიკალურ პერსონალურ გამოცდილებას უკავშირდება და იმ გავლენებს, რაც მათი შემოქმედების განვითარებაზე სხვადასხვა კულტურამ მოახდინა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ეს კულტურული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში აღიქვას; სივრცეში, რომელიც მანჰეტენის ჰორიზონტს გაჰყურებს, როგორც თანამედროვე ხელოვნების უდიდეს ცენტრსა და მულტიკულტურული საზოგადოების სიმბოლოს. ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად გამოფენილია ეკატერინა აბრამოვას, ბობი ანსპაჩის, ბონგ ჯუნგ კიმის, ირინა ლაკშინის, თონი სეკერის და ევან ვენეგას ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები.

  • განვითარების და ცნობადობის რა სტადიაშია ქართული მხატვრობა და როგორია მისი ადგილი თანამედროვე დასავლურ კულტურაში?

თანამედროვე დასავლური კულტურისთვის ქართული/თბილისის თანამედროვე ხელოვნების სცენა ძალიან საინტერესოა. ამას განსაკუთრებით მაშინ ვაცნობიერებდი, როცა ქართველ ხელოვანებს საერთაშორისო არტგამოფენებზე წარვადგენდი. ძალიან დიდი ინსტერესი იყო კოლექციონრების, კურატორებისა და მედიის მხრიდან. 2018 წლის მაისის თვიდან თბილისში იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომელშიც ქართულ გალერეებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეები და არტისტები  მონაწილეობენ.

ქართველი თანამედროვე არტისტები: ანდრო ვეკუა, ვაჟიკო ჩაჩხიანი, თეა ჯორჯაძე,  ანა კ.ე., ქეთი კაპანაძე, თეა გვეტაძე, მაია ნავერიანი, თამარა კ.ე., კოკა რამიშვილი ევროპისა და აშშ–ს ცნობილი მუზეუმებისა და გალერეების სივრცეებში იფინებიან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში გაიხსნა ისეთი ძალიან საინტერესო გალერეები, როგორებიცაა: Project ArtBeat, LC Queisser, ერთი გალერეა, Window Project, the Why not Gallery, პატარა გალერეა, გალერეა ნექტარი, 4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეა, E.A. Shared Space. ეს გალერეები ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ისინი ქართველ არტისტებს  საერთაშორისო არტბაზარზე ღირსეულად წარმოაჩენენ.

ლადო ფოჩხუას ნამუშევარი “მეტროპოლისი”

  • რა პერსპექტივები უჩნდებათ მხატვრებს ამგვარი გამოფენის შემდეგ?

ეს  გამოფენა–გაყიდვაა და, იმედი გვქონდა, რომ ქართველი და სხვა ეროვნების მხატვრებით ამერიკელი კოლექციონრები და მუზეუმები დაინტერესდებიან და ასეც მოხდა. ამერიკულ პრესაში არაერთი საინტერესო მიმოხილვა დაიწერა. ექსპოზიცია “კულტურულ იდენტობებს მიღმა” არის ამერიკულ სახელოვნებო სცენაზე FLAG Art Group-ის დებიუტი. გამოფენა და გალერეის პირველი კატალოგი მონაწილე მხატვრების გაცნობასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გალერეა სხვადასხვა გზებით ცდილობს მასთან ასოცირებული არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციას – ვიდეო–ინტერვიუების, ფოტო–დოკუმენტაციის, Artsy.net-ის სახელოვნებო პორტალის საშუალებით, არტბაზრობებზე მონაწილეობით.

***

სოხუმელი მხატვარი ლეილა შელია თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი ნამუშევრები მსოფლიოს კერძო კოლექციებშია. ქართველი მხატვარი 1980 – იანებიდან იფინება ესპანეთის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, ბელგიის, საფ­რან­გე­თის გა­ლე­რე­ებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ში. ვესტ ნიუ იორკში კი გამოიფინა შელიას აბსტრაქტული ფერწერები: ემოცია” და “ლურჯი და შავი”. როგორც თავად ამბობს, მის სტილს მხოლოდ სახელწოდება ესადაგება, თუმცა თავად აბსტრაქციისადმი სწრაფვა არც კი უცდია.

“– სტილებს არ ვაღიარებ, მხოლოდ იმპულსებით ვმოქმედებ“, – ამბობს მხატვარი, “ქართული მხატვრობის  განვითარების ტემპი აშკარად საგრძნობია. ყველა მხატვარს თავისი კონტექსტი აქვს და ამიტომ მთავარია ყველას ინდივიდუალიზმი თანაბრად იყოს დანახული. გამოფენისთვის წარდგენილი ორი ნამუშევარი ჩემთვის ახალი ეტაპია. ამერიკაში ამ პოზიციით მინდოდა წარმოჩენა, რადგანაც ეს ქვეყანა მუდმივად სიახლესთან ასოცირდება. ჩემი გეგმები უკავშირდება ნამუშევრების არატრადიციულ გამოფენას, ფერწერის შესაძლებლობების გაფართოვებას. ფერწერა ხომ თავს ვერასოდეს ამოწურავს”.

***

კონსტანტინე მინდაძე ნიდერლანდებში გრაფიკის ლიცეუმისა და გერიტ რიეტველდის აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი თანამედროვე არტისტია, რომელიც მულტიმედიურ ჟანრში მუშაობს. მას არაერთი პერსონალური  და ჯგუფური გამოფენა ჰქონდა, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ.

კონსტანტინე მინდაძის “ჰექსანი”

“– ჩემი აზრით, ფრაგმენტაციის სერიიდან ჩემი ორი ნამუშევარი იმიტომ შეირჩა, რომ  ეს სერია ერთადერთია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თან დამყვება და მას, ასე ვთქვათ, დასასრული არ აქვს“, – ამბობს კონსტანტინე მინდაძე, ” ჩემი სხვა პროექტები უფრო მეტად კონცეპტუალური, მულტიმედია ინსტალაციებია, რომელიც მინიმალისტური ობიექტებისგან, გრაფიკისგან, ფერწერისგან, ანიმაციისგან, ვიდეო სკულპტურებისგან და ხმოვანი რიდებისგან შედგენა. ფრაგმენტაციის სერია ტექნიკურად ფერწერული ელემენტების გათვალისწინებით მულტიფენებად (აკრილი, ზეთი, მშრალი პიგმენტი და ზოგჯერ ემალითაც) სრულდება, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ჩემთვის მაინც კედლის სკულპტურებია. შეიძლება იმიტომ, რომ მათ ხშირად  ისე წარმოვადგენ, როგორც ინსტალაციის შემადგენელ ელემენტებს; ერთმანეთთან კონტექსტუალურად ვაკავშირებ და ამ სახით  – მთლიან პროექტად,  ექსპოზიციად ვკრებ. ეს ყველაფერი კი ერთი  ნამუშევრის შეგრძნებას ბადებს. რაც ისე აღიქმება, როგორც აუდიო – ვიზუალური სკულპტურა”.

__________

მთავარ ფოტოზე: გამოფენა “კულტურული იდენტობების მიღმა”