ახალი ამბებიბლოგებიია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„უკრაინელებსა და ქართველებს ერთი მტერი გვყავს“ – ინტერვიუ უკრაინული მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელთან

„უკრაინელებსა და ქართველებს ერთი მტერი გვყავს“ – ინტერვიუ უკრაინული მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელთან

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ნიუ იორკში მოქმედი უკრაინული თემი 24/7 მწყობრად მოქმედ ერთ მთლიან ორგანიზმად გადაიქცა – ქუჩის აქციების, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებით, პოლიტიკური გზავნილებითა და სოციალური მედიის ძალიან აქტიური ჩართულობით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვანი, უპრეცედენტო ორგანიზებულობის ამგვარი მაგალითი, რადგანაც მტკივნეულად მახსოვს აგვისტოს ომის დროს არც ისე სახარბიელო, გნებავთ, არც ისე საამაყო “ერთიანობის” ეპიზოდები.

“ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტი” (UCCA, 1940) ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელ ლტოლვილებს არა მარტო თანხითა და ჰუმანიტარული დახმარებით უჭერდა მხარს, არამედ შეძლო ლობირება იძულებით გადაადგილებული პირების კანონის (1948), რომლის საფუძველზეც უკრაინელები (და არა მარტო) აშშ–ში ჩამოვიდნენ.

გარდა ამისა, UCCA-ს მეშვეობით უკრაინელებმა გამოსცეს პირველი ინგლისურენოვანი ჟურნალი „უკრაინული ყოველკვარტალური” (The Ukrainian Quarterly), რომლის მეშვეობითაც ამერიკელები საბჭოთა რეპრესიული სისტემისა და “გულაგის” არსებობის შესახებ იგებდნენ. 1959 წელს ამ ორგანიზაციის ინიციატივით “დაპყრობილი ერების კვირეული” მოეწყო, ვაშინგტონში კი ტარას შევჩენკოს ძეგლი დაიდგა (1964).

UCCA-ს დამსახურებაა აშშ–ში “გოლოდომორის” შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქვეყნის დედაქალაქში გოლოდომორის ძეგლის გახსნა (2015). გარდა კონფერენციების ჩატარებისა, სახელოვნებო პროექტების განხორციელებისა და უკრაინის ისტორიის პოპულარიზაციისა, UCCA უკრაინის არჩევნებზე თავის წარმომადგენლებს დამკვირვებლებად აგზავნის.

ამერიკის უკრაინული ინსტიტუტი

1948 წელს უკრაინული წარმოშობის გამომგონებელმა, მეწარმემ და ფილანტროპმა ვოლოდიმირ ჯუსმა უკრაინული კულტურის პოპულარიზაციისთვის ფონდი “ამერიკის უკრაინული ინსტიტუტი” დააარსა, 1955 წელს კი მანჰეტენზე მეხუთე ავენიუზე, “მეტროპოლიტენ მუზეუმთან” ახლოს ფრანგული რენესანსის ეკლექტური სტილის არქიტექტურის ისტორიული შენობა იყიდა. ეს ოთხსართულიანი სასახლე ნიუ იორკის ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა სიაშია. მას მერე ეს ტერიტორია უკრაინული კულტურის ცენტრია არა მარტო XVII საუკუნის ნიუ ამსტერდამში (ახლანდელი ნიუ იორკი) ჩამოსული უკრაინელების შთამომავლებისთვის, არამედ, ქართველებისთვისაც.

ამ შენობაში არა ერთ საქველმოქმედო ღონისძიებას დავსწრებივარ. ერთი თვის წინათ ნიუ იორკში, ესტონეთის დღეების ფარგლებში, ინსტიტუტის წინ უკრაინელების მხარდასაჭერად ესტონელების მელოდიური ფსალმუნები ისმოდა. ამჟამად იქ მიმდინარეობს უკრაინულ მოტივებზე მოხატული სააღდგომო კვერცხების, ე.წ. “პისანკების”გამოფენა. ძველი ლეგენდის თანახმად, მანამ, სანამ ადამიანები “პისანკებს” ხატავენ, სამყარო იარსებებს.

„პისინკები“

ჯერ კიდევ მაიდანისა და ყირიმის ანექსიის პერიოდიდან ნიუ იორკში არა ერთი უკრაინული არასამთავრობო თუ საინიციატივო ჯგუფი მოქმედებდა, რომელიც ოკეანის გადაღმა მდებარე თავისი ქვეყნის ინტერესებს ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებით  თუ პიკეტების მოწყობით იცავდა. ასე გავიცანი ჯგუფი Signerbusters, რომლებიც ყირიმის ანექსიის მომხრე რუს არტისტებს პიკეტებით ხვდებოდა. ნიუ იორკში შექმნილი ორგანიზაცია Razom for Ukraine თანამემამულეებს სამშობლოში ეხმარება სამედიცინო აპარატურით, საავტომობილო ტექნიკით, საკვებით, ტანსაცმლით… ყველაფრით, რისი გაგზავნაც შეიძლება.

1967 წელს ნიუ იორკში დაარსდა არაკომერციული ორგანიზაცია “უკრაინული მსოფლიო კონგრესი”, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ მილიონობით უკრაინელს აერთიანებს. მისი მიზანია უკრაინელების უფლებების დაცვა, ქვეყნის ინტერესების ლობირება და კულტურის პოპულარიზაცია. 2003-ში “უკრაინულ მსოფლიო კონგრესს” გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა. ანდრი დობრიანსკი “უკრაინული მსოფლიო კონგერსის” გაეროსთან  გაეროსთან ურთიერთობას კურირებს.

„ – 2021 წელი ჯო ბაიდენის ინაუგურაციით დაიწყო. ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც აშშ–ში უკრაინული თემის წარმომადგენელია, ჩართული იყო ახალი ადმინისტრაციის მისასალმებელი ცერემონიის მოწყობის პროცესში“, – მიყვება ანდრი დობრიანსკი „– ჩვენ რჩევის მისაცემად მოგვმართეს – ვისი დაპატიჟება იქნებოდა უპრიანი, მათ შორის, თუ ვინ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ანდრი დობრიანსკი

სენატში  სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის წარდგენისას და თანამდებობაზე მისი დამტკიცებისას ჩვენ ოფიციალური ჩვენებით გამოვედით; ისევე როგორც პერსონების ეროვნული უსაფრთხოების ნომინაციებზე წარდგენისას. სწორედ ჩვენ გვკითხეს, თუ ვინ იქნებოდა არაშესაბამისი ამ თანამდებობისთვის. ჩვენ ამ და სხვა საკითხების თაობაზე ერთობლივი განცხადება გავაკეთეთ და ამის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებს, როგორც სენატში, ასევე – თეთრ სახლში.

ჩვენი პოზიცია მაშინაც დავაფიქსირეთ, როცა ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა გაზსადენთან – Nord Stream-2 დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატეს. ჩვენ აშშ–ში სხვა უკრაინულ ორგანიზაციებთან ერთად ბევრი საერთო განცხადებით გამოვედით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: “პოლონელი ამერიკელების კონგრესი”, “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია”, ამერიკელი ებრაელების ორგანიზაციები და ა.შ.

არა ერთმა ამ ორგანიზაციამ „ნორდ სტრიმ – 2“- თან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პირდაპირ თეთრ სახლთან გამოხატა. ჩვენ ამ გაზსადენზე სანქციების დადებას 24 თებერვლამდე ვითხოვდით. ეს იყო ჩვენი ორგანიზაციების პრინციპული პოზიცია. რადგან ჩვენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მოლოდინი გვქონდა, ომამდე დევნილებისთვის ფონდების მოძიება და საჭირო დახმარების მობილიზაცია გაეროსა და მის სააგენტოებთან ასოცირებული ორგანიზაციების მეშვეობით დავიწყეთ.

  • თქვენ ეფექტური კომუნიკაცია გაქვთ როგორც აშშის თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, ასევე კონგრესთან, სენატთან, სახელმწიფო მდივნის დეპარტამენტთან. როგორ?

დიახ, ასეა. ჩვენ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან მისაწვდომობა გვაქვს და საერთოდ ამერიკულ ოფიციოზს უკრაინულ დიასპორაში უფლებამოსილი პირებიც კი ჰყავთ.

2008 წლიდან ვთანამშრომლობდით არაერთ ქართულ ორგანიზაციასთან, რომელიც ლოკალურად მოქმედებს. ნიუ იორკში მოქმედებს „ამერიკულ – ევროპული სოლიდარობის კოალიცია”, რომელსაც არაერთი ქართველი წარმომადგენელი ჰყავს; ოჰაიოში არის “ამერიკული ერების საბჭო”, ვაშინგტონში მოქმედებს “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კოალიცია” და იმის და მიხედვით თუ ვინ სადაა, აშშ–ის ტერიტორიაზე ჩვენი აქტივობის თანაბრად განაწილებას ვცდილობთ.

რადგანაც ჩვენ, უკრაინელებსა და ქართველებს ერთი მტერი გვყავს, ამიტომ ნიუ იორკში თუ სხვა ქალაქებში ერთმანეთის სამხედრო დახმარებას ვლობირებთ. მახსოვს, როცა საქართველოში ომი დაიწყო, პენსილვანიაში ვიყავი, მანქანაში სასწრაფოდ ჩავჯექი და ორ საათში გაეროსთან ჩვენს ქართველ დებთან და ძმებთან ვიდექი. როცა რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, ბევრი ქართველის მხარდაჭერა მახსოვს, განსაკუთრებით გაეროს წარმომადგენლობაში. ქართველები ზუსტად ისეთი ოპერატიულობით დაგვიდგნენ გვერდით, როგორადაც – ჩვენ მათ 2008-ში. ჩვენ ვიცით ერთმანეთის გასაჭირზე როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს.

ნიუ იორკში უკრაინულ დიასპორას მანჰეტენზე აქვს ეკლესია, თემის დარბაზები, ტერიტორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ქართულ თემს ვუმასპინძლოთ და ისიც ვიცით, რომ ქართველებსაც ჩვენთვის იგივე შეუძლიათ.

  • საქართველოს მთავრობაზე ნამდვილად ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ქართველი ხალხი უკრაინელების გულწრფელი მხარდამჭერია

ამერიკელმა უკრაინელებმა იციან თუ რამდენმა ქართველმა მიუძღვნა უკრაინას სიცოცხლე, დრო და ყურადღება, დახმარების სურვილი გამოთქვა; ქართველების სისხლი, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას შეეწირა, რეზონირებს ყველაფერზე ძლიერად, ვიდრე სხვა რამ… ვიცი, რომ ბევრი ქართველი უკრაინისთვის მოხალისეობს. ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის თაობაზე თუ რამდენად ჰქონდა საქართველოს მთავრობის პოზიციას გავლენა იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, და როგორი იყო საერთაშორისო დონეზე ამ პოზიციის გავლენა. უბრალოდ ვიცი, რომ ქართველი ხალხი დიდად არაა ბედნიერი თავისი ხელისუფლების ნაბიჯებით… ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობა.

  • ცხადია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ქართველი ხალხის ნებასა და მთავრობის პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავს

ასეა. როცა იანუკოვიჩი უკრაინის ხელმძღვანელი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხისთვის იანუკოვიჩი უკრაინელ ხალხთან არ ასოცირდებოდა. სამწუხაროდ, ეს კრიმინალი უკრაინას მართავდა. მერე მოხდა რევოლუცია, რომელიც ხალხის ნება იყო, ამ ნებამ უკრაინის მმართველობა შეცვალა და უკრაინულ ხალხს სწორედ ეს რევოლუცია წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისტორიის მანძილზე, საქართველოს და უკრაინას ლიდერებად საუკეთესო პიროვნებები არ გვყავდა, მაგრამ მთავარი ხომ ისაა თუ რას ფიქრობს და რას აკეთებს ხალხი.

  • როგორია რუსეთისთვის სანქციების დაწესების საქმეში თქვენი ორგანიზაციის სტრატეგია ?

ლობირებას სამი ასპექტი აქვს.

ერთია ქუჩის დემონსტრაციები იმისთვის, რომ ყურადღება მივიქციოთ, გამოვხატოთ ჩვენი სიბრაზე, ერთმანეთთან პირდაპირ გვქონდეს ურთიერთობა.

მეორე – ჩვენ ვაშინგტონში ოფისი გვაქვს და ამის საფუძველზე ჩვენ კონგრესის წარმომადგენლებთან ყოველდღიურად ვურთიერთობთ. გარდა ამისა, ამერიკის ქალაქებში მყოფ სხვადასხვა ლიდერთან ჩავდივართ, ვხვდებით იქ ამ ადამიანებს და მათთან მჭიდრო კონტაქტებს ვამყარებთ.

მესამე გახლავთ ის, რომ ამერიკელი უკრაინელები თავიანთ კონგრესმენებს, სენატორებს თუ თეთრი სახლის წარმომადგენლებს წერილების საშუალებით უკავშირდებიან. ეს წერილები რეგისტრირდება (მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე) და ამგვარად შესაძლებელია გავიგოთ, თუ რამდენი წერილი მივიდა, მაგალითად, ამა თუ იმ კონგრესმენის სახელზე ამა და ამ ამომრჩევლისგან თუ თემის წარმომადგენლისგან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი მოქალაქე სახელმწიფოსთან ამგვარი გზით ურთიერთობდეს.

როცა არ რეგისტრირდები (იგულისხმება პარტიის მომხრედ ანდა ხმის მისაცემად) და ისე აძლევ ხმას, ასე ვთქვათ, ანონიმური რჩები. მაგრამ არჩევნებზე ხმის მიცემისთვის დარეგისტრირება პოლიტმუშაკს აჩვენებს, თუ ვის მიეცი ხმა არჩევნებზე. თუ თქვენ დარეგისტრირებული ამომრჩეველი ხართ, ისინი პოულობენ თქვენს სახელ – გვარს, ეს ადამიანი ხვდება – ქართველი ხართ თუ უკრაინელი. ამის შემდეგ იგი ანგარიშს კონგრესმენს, მერს თუ სენატორს აწვდის. არჩეული პირი კი ხედავს – აჰა, ეს თემი ორგანიზებულია და იცის ვის აძლევს ხმას, ამიტომ ჩვენ მათ პოლიტიკურ პრობლემატიკას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ამომრჩეველი თემის ლიდერს ელაპარაკება, ეს ლიდერი – კონგრესმენს და ასე იქმნება ზემოქმედების წრე. ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კონგრესის, მერის თუ პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად აუცილებლად უნდა წავიდეს. არჩეული პირი ფიქრობს – ეს ხალხი, ეს თემი საკმაოდ ორგანიზებულია, საკმაოდ მზრუნველი და ამიტომაც მე მათ ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციო.

  • აი, თურმე სახელგვარის წარმოშობას რა გავლენა ჰქონია

არჩევნების მერე განა ჩვენ ვურეკავთ არჩეულებს?! არა, ისინი თავად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან – რატომაა თქვენი თემი ასე ორგანიზებული და რა შეგვიძლია თქვენთვის გავაკეთოთ? ამიტომაც მთავარია დავრეგისტრირდეთ არჩევნებისთვის, არჩევნების დღეს გამოვცხადდეთ და საარჩევნო ბიულეტენს ხელი მოვაწეროთ – ესაა არჩევნებზე ზემოქმედების მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არჩევნების ჩატარებაზე ზრუნავს.

თუ ჩვენი თემი ეკლესიაში თუ კონცერტზე მოდის, ღონისძიებებს ესწრება – ესეც ორგანიზებულობის ინდიკატორია. პოლიტიკოსები ასე ფიქრობენ – ეს ადამიანები არჩევნებზეც აუცილებლად მოვლენ.

  • .. დარეგისტრირებული ამომრჩევლის გავლენის ძალა პირადად თქვენ როდისაღმოაჩინეთ“?

ეს ამ ქვეყანაში დეკადების ტრადიციაა.

უკრაინელების ადვოკატირების პოლიტიკით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით, მათ შორის, “გოლოდომორის” შეხსენებით და იმის დაპირებით, რომ 2014–ში ოკუპირებულ ყირიმს აშშ არასდროს ცნობს, ამერიკამ ხელი მოაწერა “უკრაინის თავისუფლების აქტს” – ეს არის ყველაზე გავლენიანი კანონი, რომელიც უკრაინის ინტერესებს ლობირებს:

  1. აშშ იღებს ვალდებულებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ცნობს.
  2. აშშ უკრაინის დახმარებისა და მისი სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულებას იღებს.

რადგან არჩევნებს ასეთი გავლენა ჰქონდა კანონის მიღებაზე, ამიტომ მომავალში უფრო მეტი უკრაინელი წავა არჩევნებზე და უფრო მეტი დარეგისტრირდება ხმის მისაცემად.

ყველა უნდა დარეგისტრირდეს, ყველა სახის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, აშშ–ის კანონმდებლობით განსაზღვრული ადრეული ხმის მიცემით, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ამ ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია, მაგალითად, ეკლესია. ამომრჩეველი ეკლესიაში მიდის და იქ თავისი თემის თუ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება, ელაპარაკება.

  • ეკლესია სახელმწიფოსა და თემის კომუნიკაციის ადგილია?

დიახ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ეკლესიაში კვირაში ან თვეში ერთჯერ მაინც მიდიან. ჩვენ გვაქვს ფლაერები, ბუკლეტები, რომელსაც იქ ვარიგებთ. ეკლესიაში ადამიანები იგებენ, თუ რა ხდება მათ თემში. ასეთი საუბრები, როგორც წესი, არა ეკლესიის შიგნით, არამედ, მსახურების დამთავრების შემდეგ, ეკლესიის გარეთ ხდება. ძალიან ხშირად ადამიანები ეკლესიის გარეთ ერთი საათი ყოვნდებიან და საუბრობენ, სახლისკენ ერთად მგზავრობენ.

  • 2013 წელს მანჰეტენზე, უკრაინულ (წმინდა მფარველი ღვთისმშობლისეკლესიაში მიხეილ სააკაშვილს ქართველი ემიგრანტები შეხვდნენ. მე პრეზიდენტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემაზე ვკითხე, თუმცა ბევრ იქ დამსწრე ქართველს არ მოეწონა, რომ ასეთი კითხვის დასმა სწორედ ეკლესიაში გავბედე.

სხვათა შორის, ეს ის ეკლესიაა, სადაც მე დავდივარ. მღვდლები ძალიან ჩვეულებრივად უყურებენ ამგვარი ღონისძიებებისთვის ეკლესიის კარის გაღებას.

იმავე ეკლესიაში, რომელსაც სააკაშვილი სტუმრობდა, ჩვენ გვყავდა ნიუ იორკის გუბერნატორი, რომელმაც იქ სიტყვა წარმოთქვა. ასევე იყვნენ: კონგრესვუმენი, ქალაქის საბჭოს წევრები, შტატის ასამბლეის წევრი, სენატორი. ეს ის ხალხია, რომელსაც სურთ იცოდნენ, სად არიან ადამიანები; იცოდნენ, რომ მათ მოქალაქეებთან საუბრის შანსი აქაც აქვთ. მერე კი ხშირად ეკლესიის სამზარეულოში მიდიან, სადაც პოლიტიკოსები თემის წარმომადგენლებს ესაუბრებიან.

პოლიტიკოსებმა იციან, რომ ეკლესიაში ყველაზე დიდი თავყრილობაა. მსახურებას არავინ წყვეტს. მსახურების შემდეგ საუბრები ყოველთვის პროდუქტიულია და ორივე მხრისთვის –მისასალმებელი.

ხალხი ფიქრობს, რომ კითხვა–პასუხისთვის, პოლემიკისთვის, ეკლესიის “ტრიბუნა” შეიძლება არ იყოს კარგი ადგილი, მაგრამ ეს კარგი ადგილია სიტყვის წარმოსათქმელად. ამგვარი კომუნიკაცია ძველი ტრადიციაა.

უკრაინელებს თემის ორგანიზების დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს. მხოლოდ ორგანიზებული თემი ყიდულობს შენობას და იქ, მაგალითად, ეკლესიის განლაგებას წყვეტს. მთელს მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც უკრაინელები “უკრაინულ ცენტრებს”, ეროვნულ დარბაზებს, კულტურულ ინსტიტუციებს თუ ფინანსურ გაერთიანებებს ქმნიან.

ამის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს ანუ იმ პერიოდიდან, როცა აშშ–ში უკრაინელთა რაოდენობამ მოიმატა. ძნელია ერთად შეყრილი უკრაინელები სხვაგან ნახო.

პოლიტიკოსებს ჩვენც ვეპატიჟებით ხოლმე. მაგალითად, ამას წინათ ქალაქის მერი იმ ეკლესიაში, სადაც სააკაშვილი იყო, სიტყვით გამოვიდა. სხვათა შორის, ნიუ იორკის მერი დიდი ხანია არ ყოფილა ეკლესიის სტუმარი. მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა (1991) მოიპოვა. ასევეა ებრაული თემიც – ერთიანდება სინაგოგის გარშემო და ცენტრებს ქმნის.

30 მარტს ნიუ იორკის “მეტროპოლიტენ ოპერაში” უკრაინის დასახმარებლად კონცერტი ჩატარდა, რომლის ორგანიზებაც გაეროში უკრაინის ელჩისა და “მეტოპერის” გენერალური მენეჯერის მეგობრობის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

  • პირადად თქვენ როდის გადაწყვიტეთ აშშში უკრაინული დღის წესრიგი, ასე ვთქვათ, გაგეაქტიურებინათ?

2008 წელს.

  • ტრიგერი აგვისტოს ომი ხომ არ იყო?

შეიძლება ასეც ითქვას. მანამდე მე სხვადასხვა ორგანიზაციაში ორგანიზატორის ფუნქცია მქონდა, მაგალითად, ბავშვების ორგანიზება სცენისთვის და კიდევ უამრავი რამ. და რადგანაც ამდენ ღონისძიებას ვაწყობდი, პოლიტიკური ღონისძიებების ორგანიზებით დაინტერესებულებმა მთხოვეს მათაც დავხმარებოდი. და მეც პოლიტიკურ აქტივობაში უფრო მეტად ჩავერთე.

  • გაქვთ მონაცემები აშშის საზღვარი ომის დაწყებიდან რამდენმა უკრაინელმა ლტოლვილმა გადალახა?

აშშ–ში 2022 წლის 1 მარტისთვის დაახლოებით 30 000 უკრაინის მოქალაქეა შემოსული სტუდენტური და სამუშაო ვიზით თუ დასასვენებლად ე.წ. დროებითი ვიზებით და სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, ამიტომ აქ არიან, თუ არ ჩავთვლით იმათ, ვის მიმართაც აშშ–ს სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნა აქვს. არიან უვიზოდ შემოსული უკრაინელები, რომლებსაც ნიუ იორკში, კონექტიკუტში, ნიუ ჯერსიში, კალიფორნიაში, ტექსასში თუ ჩიკაგოში, სათემო ცენტრებში ეხმარებიან და არიან ისეთებიც, რომლებიც ისეთი ვიზებით არიან, რომლითაც მუშაობის უფლება არა აქვთ.

ჩვენ მათ აშშ–ში დარეგისტრირებაში ვეხმარებით იმისთვის, რათა მათ “დროებითი დაცვითი სტატუსი” მიიღონ. აშშ –ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი მათ ამ სტატუსს აძლევს და შესაბამისად, მათ ლეგალურად აშშ–ში ყოფნა 18 თვის განმავლობაში შეუძლიათ. ისინი ამერიკის საემიგრაციო სამსახურის ვებსაიტზე რეგისტრირდებიან, ჩვენ კი ვცდილობთ სერვისები უკრაინულ ენაზე გადავთარგმნოთ. ამერიკის უკრაინული თემი ამ ადამიანების განთავსებაზე ზრუნავს.

ამერიკაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ამბობს – ჩვენ გვინდა ჩვენი სახლის კარები უკრაინელ ლტოლვილებს გავუღოთ. ამერიკელები ძალიან კეთილი ხალხია. ევროპაში აშშ–ის საელჩოების სისტემა დროებით ვიზებს არ გასცემს და ახლა მიდის ამ სისტემის გადახალისების პროცესი.

ბევრი უკრაინელი მექსიკიდან, კანადიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან თუ აღმოსავლეთ ევროპიდან ცდილობს აშშ–ში შემოვიდეს. აშშ ამჟამად არ გასცემს ვიზებს და ცდილობს ვიზების ახალი კვალიფიკაცია შემოიღოს. მსოფლიოს 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჰყავს, მათ შორის, ისეთებიც, ვისაც ოჯახი აშშ–ში ჰყავს. საჭიროა ვიზები, რომ უკრაინელებმა ამერიკაში ოჯახების მონახულება შეძლონ.

  • ამერიკის უკრაინული ინსტიტუტისსრკ დროსაც არსებობდა, მაგრამ ამგვარი, ასე ვთქვათ, ეროვნული ორგანიზაცია სსრკ––ის სხვა რესპუბლიკებს არ ჰქონდათ. რატომ?

ეს ინსტიტუტი აშშ–ში კარგად ცნობილმა უკრაინელმა დააარსა. გარდა ამისა, აშშ–ში უკრაინელების ემიგრაციის დიდი ტალღებია. მაგალითად, ბოსტონიდან ვიდრე ვაშინგტონამდე ბევრი ქალაქია, სადაც უამრავი უკრაინული ცენტრია, ეკლესიები, რესტორნები.

თავად მე მეოთხე თაობის ემიგრანტი ვარ, მაგრამ ჩემ თავს ყოველთვის უკრაინასთან ვაიდენტიფიცირებ. რეალობაა, რომ დიდ ქალაქებში უკრაინული, ქართული თუ პოლონური თემები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, თან ჯერ კიდევ სსრკ–ის არსებობის პერიოდიდან. როცა მიხეილ სააკაშვილისთვის ეკლესიაში სიტყვის წარმოთქმის შანსი გაჩნდა, სწორედ უკრაინულმა ეკლესიამ მისცა მას ეს შესაძლებლობა. ყველა თემს არა აქვს შესაკრები სივრცე და შესაბამისად, ჩვენ მეგობრებისთვის დახმარების ხელის გაწოდება გვიხარია.

ნიუ იორკში ჩვენ ვცდილობთ ყირიმელი თათრები მოვიძიოთ, ჩვენს ღონისძიებებზე დავპატიჟოთ და ამგვარად მათ ქალაქის თუ ქვეყნის ოფიციოზთან დაკავშირების შესაძლებლობა მივცეთ. აშშ–ში 6–7 მილიონი პოლონელია და ცხადია, მათ უფრო მეტი სათემო ცენტრები აქვთ, ვიდრე უკრაინელებს (აშშ–ში 1,5 მილიონი უკრაინელია. უკრაინის საზღვრებს გარეთ 20 მილიონიანი დიასპორაა) ანდა ქართველებს, ანდა ბალტიისპირელებს.

  • სსრკ დროს უკრაინა გავლენიანი რესპუბლიკა იყო, თუნდაც იმით, რომ არც ერთ სხვა რესპუბლიკასცალკეატომური იარაღი არ ჰქონდა

გეთანხმებით. გარდა ამისა, უკრაინა (და ბელორუსი) გაეროს დამფუძნებელი სსრკ–ის რესპუბლიკები იყო და ამას ხელმოწერებიც ადასტურებს. დაფუძნების ხელმომწერთა სიაში რუსეთს ვერ ნახავთ. დამფუძნებელთა შორის არიან სსრკ და უკრაინისა და ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკები. გაეროს უშიშრობის წევრი სსრკ იყო და არა რუსეთი. გაეროს წესდება არ შეცვლილა (ისევ სსრკ წერია), მაგრამ უშიშროების საბჭოს წევრი რუსეთი გახდა.

რუსეთის ყოფნა უშიშროების მუდმივ წევრად უსამართლობაა, ყოველ შემთხვევაში – წესდების მიხედვით. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ როტაციის თანახმად უკრაინა უშიშროების არამუდმივი წევრი ხდება. მაგრამ მუდმივი – რუსეთია, რომელმაც უშიშროების წევრობა ასე “შემთხვევით” აიღო.

ანდრი დობრიანსკი

  • როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა?

ამას წინათ დილის 4 საათზე ინტერვიუ მივეცი და მერე – დღის ბოლოსაც – ღამის 11 ზეც. ვცდილობ მედია მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანის ვამცნო – რას ვაკეთებთ, რა და როდის გვჭირდება. ასევე ვაწვდი ინფორმაციას აშშ–ის ოფიციოზს და ვცდილობ უკრაინისთვის მეტი დახმარება და მხარდამჭერი ვიპოვო.

უკრაინელები თავგანწირვით იბრძვიან მიწაზე, იმარჯვებენ კიდეც, მაგრამ რუსების მიერ ზევიდან ჩამოყრილ ბომბებს მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, საავადმყოფოს პაციენტები ეწირებიან. ჯადოქარი რომ ვიყო, უკრაინის ცას ჩავკეტავდი და უკრაინას ბომბების წვიმისგან დავიცავდი.